მარგინალობა

მარგინალობა

ტერმინი პირველად გამოიყენა რ. პარკმა 1982 წელს ,,კულტურული ჰიბრიდის“ აღსანიშნავად, რომელიც ორი განსხვავებული ჯგუფის ცხოვრების წესსა და ტრადიციებს მისდევს. მ. ჩვეულ გარემოს და ცხოვრების წესს მოწყვეტილი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მდგომარეობაა, რომელთაც დაკარგეს წინანდელი სოციალური კავშირები, ვერ (ან არ) შეეგუენ ცხოვრების ახალ პირობებს და რამდენიმე სოციალური ჯგუფის გამყოფი (შემაერთებელი), სასაზღვრო მდგომარეობა უჭირავთ. მარგინალთა (ჯგუფებისა თუ ცალკეული პიროვნებების) განწყობები, ღირებულებითი ორიენტაციები, ქცევის მოდელები ერთდროულად შეესატყვისება რამდენიმე განსხვავებულ კულტურულ სისტემას, მაგრამ სრულად ინტეგრირებული არც ერთში არ არის. მ. ჩნდება მაშინ, როცა ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები ცხოვრობენ წინააღმდეგობრივი სოციალურ–კულტურული მოთხოვნების კონტექსტის პირობებში. ასეთია მიგრანტები (სოფლიდან ქალაქში, ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასული პირები), შერეულ ქორწინებაში მყოფნი, პროფესიულ კარიერაზე ორიენტირებული დედები, ბისექსუალები და სხვ. კულტურული მ. სოციალური ჯგუფებისა თუ ცალკეულ პიროვნებათა სტატუსის, აგრეთვე სოციალურ–ფსიქოლოგიური თავისებურებების მახასიათებელია. მარგინალურ სუბკულტურათა სტატუსს განსაზღვრავს მათი ორიენტაციების შესატყვისობა სოციოკულტურული სისტემების განაპირა არეალთან – საზოგადოებრივად მიღებული სტანდარტებისაგან მკვეთრად განსხვავებული ნორმები და ორიენტაციები, მათგან დისტანცირება და სხვ., რაც დომინირებული კულტურის მხრიდან მათ მიმართ, რაიმე ფორმით მიუღებლობას აჩენს. მ–ის ფორმირების ობიექტური პირობებია საზოგადოებრივ სისტემათა ტრანსფორმაციის პროცესები, სოციუმში სოციალურ გადანაცვლებათა ინტენსიფიკაცია, კულტურათა შორის ურთიერთობების გააქტიურება, განსაკუთრებით, მიგრაციის პროცესები. გარდა ამისა, არსებობს სუბიექტური ფაქტორებიც, მაგალითად, სოციალურად მისაღები მიზნებისა და მათ მისაღწევად არსებული წესების ურთიერთმიმართება. მერტონის თვალსაზრისით, სუბკულტურების, მათ შორის, მარგინალურის, შემქმნელ რეაქციათა ძირითად ტიპებს მიეკუთვნება ინოვაცია (მიზნების მიღება, მაგრამ მისაღწევ წესთა მიუღებლობა), რიტუალიზმი (მიზნების მიუღებლობა, მაგრამ სოციალურად მისაღებ წესთა მიღება), რეტრიტიზმი (ერთდროულად მიზნებისა და მისაღწევი წესების მიუღებლობა) და ბუნტი (მიზნების მიღება, მაგრამ მისაღწევ წესთა ტოტალური უარყოფა, თუმცა ხშირად ასეთი სტრატეგია ახალი იდეოლოგიის შექმნით მთავრდება). მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მ. ღირებულებითი და ნორმატიული ამბივალენტობის პროდუქტია, სოციალურ–კულტურული სისტემების ამგვარი ურთიერთქმედება ხშირად ხელს უწყობს ახლებური ხედვის ჩამოყალიბებასა და ახალი იდეების გაჩენას.

See also: მარგინალები

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……