მასობრივი საზოგადოება

მასობრივი საზოგადოება

ცნება, შემოტანილი იმ საზოგადოების დასახასიათებლად, რომელიც შედგება ატომიზებული ადამიანებისაგან. ამ ტიპის ადამიანები ემოციურად ძნელად ეგუებიან ნებისმიერი შუალედური ჯგუფის არსებობას, რომელიც შეიძლება ჩადგეს მათსა და სახელმწიფო ძალაუფლებას შორის. ამ თვალსაზრისით, მ. ს. ტოტალიტარიზმის რელევანტურია, როგორიც იყო, მაგ., გერმანული ფაშიზმი ან საბჭოთა ბოლშევიზმი. თუმცა, ეს ცნება, ზოგადად, გამოიყენება თანამედროვე, ინდუსტრიული საზოგადოების აღსაწერად, რომელმაც დაკარგა წარსული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ინტიმურობა და აუთენტურობა. მ.ს. ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: იგი გამოირჩევა არადიფერენცირებულობის მაღალი ხარისხით; მისი შემადგენელი ინდივიდების უმრავლესობა ერთმანეთის მსგავსია, მათ დაკარგული აქვთ ინდივიდუალობა და მათი ქმედებები რუტინულია; აღარ არსებობს საყოველთაო მორალური ღირებულებები და, ამის მიუხედავად, მასა მიდრეკილია იდეოლოგიური ფანატიზმისაკენ; ინდივიდები გამოირჩევიან პოლიტიკური აპათიურობით, მათ შორის კავშირები შესუსტებულია და, ამდენად, იოლად ემორჩილებიან მანიპულირებას დიქტატურისა და ბიუროკრატიის მხრიდან; ლოკალური ტრადიციები და კულტურა გადაფარა მასმედიის გავლენამ, კულტურა (ხელოვნება, ლიტერატურა, ფილოსოფია და მეცნიერება) გადაიქცა მასობრივ, დაბალი გემოვნების კულტურად. მ. ს–ის თეორია, ძირითადად, განვითარდა 1920–60 წლებში და დაკავშირებულია ფრანკუფრტის სკოლასთან (ადორნო, ბენიამინი, ფრომი, ჰორკჰაიმერი, მარკუზე), რომლის ბევრი წარმომადგენელი იძულებული გახდა ჰიტლერული გერმანიიდან ამერიკაში გაქცეულიყო.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……