მატრიარქატი

მატრიარქატი

L. mater, matris დედა

Gk. ძალაუფლება

პირველყოფილ-გვაროვნული წყობილების ადრეული პერიოდი, როდესაც გვაროვნული ჯგუფები იქმნებოდა ქალის ხაზით ნათესაობის საფუძველზე. ძველი პალეოლითის ხანა ქალთა მკვეთრი დირკიმინაციის პერიოდი იყო. თუმცა მიწათმოქმედებასთან ერთად ქალის, დედის ავტორიტეტმა საკმაოდ მოიმატა. ქალი აქტიურად ეწეოდა მიწათმოქმედებას, მოიპოვა ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სანადიროდ წასული მამაკაცი გარკვეულწილად დამოკიდებულიც გახადა მასზე. ქალს მიეცა საშუალება ეცხოვრა მამაკაცისგან დამოუკიდებლად. ქალების ხელში იყო ძალაუფლება და სწორედ ისინი წყვეტდნენ ტომის ცხოვრების წესს. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ მატრიარქატი სოციალური წყობის ჰიპოთეზური ფორმაა, რომელიც წინ უძრვოდა პატრიარქატს. არ არსებობს მეცნიერულად ზუსტად დადასტრებული მონაცემები ქალთა წყობის არსებობის შესახებ, არადა, ისეთი არგუმენტები, როგორიცაა მითებში ქალ-ღმერთების, ამორძალების წილი, რიგ ანთროპოლოგებს აფიქრებინებს ისტორიამდელ წყობაში ქალების აბსოლუტური ძალაუფლების არსებობას.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

ქალის ძალაუფლებაზე დამყარებული ორგანიზაცია, ქალის დომინირებული მდგომარეობა (საკუთრების, სოციალური მდგომარეობის დედის ხაზით მემკვიდრეობა) საზოგადოებაში. ტერმინის გაგება მრავალგვარია. მეცნიერთა ერთი ნაწილის მიერ გაგებული იყო როგორც ქალების იმთავითვე წამყვანი მდგომარეობა მეურნეობასა და საზოგადოებაში, აგრეთვე ამ საწყისთა ასახვა სულიერ სფეროში. ეს თვალსაზრისი ეყრდნობოდა არა მარტო ჯგუფური ქორწინებისა და დედის ხაზით ნათესაობის ისტორიულ პრიორიტეტს, არამედ მრავალგვარ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ მონაცემსაც ქალის შედარებით მაღალ მდგომარეობაზე პირველყოფილ საზოგადოებაში და ამ ვითარების ნარჩენებზე ადრეკლასობრივ საზოგადოებებში, მაგრამ არსებობს აზრსხვადასხვაობა მ–თან დაკავშირებით. მორგანის თვალსაზრისით, კლასიკურმა პირველყოფილმა საზოგადოებამ არ იცის სქესთა უთანასწორობა. ენგელსი მიიჩნევდა, რომ პირველყოფილი მატრიარქალური კლანი საზოგადოებრივი წყობის ერთ–ერთი ადრინდელი ფორმაა და ზოგიერთ ხალხში წინ უსწრებს პატრიარქატს, მაგრმ დედის უფლებებზე დამყარებული სამართლებრივი სისტემის დამხობამ დააფუძნა პატრიარქალური ოჯახი, რასაც მოჰყვა მამაკაცის უპირატესობაზე (მათ შორის, უკამათო მამობის პირობებში მემკვიდრეობის პრობლემის მოხსნა) დამყარებული მონოგამიური ოჯახური ერთეულის წარმოქმნა. ამ გაგების საპირისპირო თვალსაზრისით, სოციალური ორგანიზაციის წარმოშობის საწყისი ფორმა დესპოტური პატრიარქატით მართულ ოჯახთა კორპორაციულ ჯგუფზე დამყარებული ორგანიზაციაა. ამ დებატებმა სათავე დაუდო ფემინისტურ ანთროპოლოგიასა და ფემინისტურ სოციოლოგიას. დებატები მატრიარქალური საზოგადოებების არსებობის თაობაზე დღემდე გრძელდება. რადიკალური ფემინიზმისაგან განსხვავებით, თანამედროვე ფემინისტურ აზროვნებას მ. ესმის როგორც ქალით ორიენტირებული ან მასზე გულისყურმიპყრობილი საზოგადოებები და კულტურები.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. matriarchy

L. mater (matris) დედა.

Gk. arche ძალა

პირველყოფილი თემური წყობილების განვითარების პერიოდი, რომელიც ხასიათდება ოჯახური, სამეურნეო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის გაბატონებული როლით. ის წინ უსწრებდა პატრიარქატის ეპოქას, როცა ამ ფუნქციებს უკვე მამაკაცი ასრულებდა.

See also: პატრიარქატი

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP –  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……