მონარქია

მონარქია

სახელმწიფო მმართველობის ფორმა, როლის დროსაც უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლება მთლიანად ან ნაწილობრივ (რეალურად ან ფორმალურად) სახელმწიფოს ერთპიროვნულ მმართველს – მონარქს (ხელმწიფეს, მეფეს, იმპერატორს, შაჰს, სულთანს და ა.შ.) ეკუთვნის. მ-ულ მმართველობას იგი მემკვიდრეობით იღებს და მემკვიდრეს გადასცემს. განასხვავებენ აბსოლუტურ, შეუზღუდავ და კონსტიტუციურ, პარლამენტარულ მ-ებს, როდესაც მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია პარლამენტით ან სხვა სახით. პირველის მაგალითებად შეიძლება ჩაითვალოს მონათმფლობელური და ფეოდალური მ-ები. დღეს აბსოლუტური მ-ები თითზე ჩამოსათვლელია (საუდის არაბეთი, კატარი, ომანი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები და სხვ.) რაც შეეხება კონსტიტუციურ მ-ებს, ისინი მრავლადაა (დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, შვეცია, ნორვეგია, ბელგია, დანია და სხვ.), მათი რაოდენობა ოთხ ათეულს აღწევს. სხვა საკითხია, რომ განვითარებულ ქვეყნებში მონარქების ხელისუფლებას უფრო სიმბოლური, ფორმალური ხასიათი აქვს და ისინი წარმომადგენლობით, ცერემონიალურ ფუნქციას ინარჩუნებენ. ზოგ შემთხვევაში ესაა თეოკრატიული სახელმწიფოები, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ერთდროულად რელიგიური მეთაურიცაა (ომანი, კატარი და სხვ.).

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. monarchy

G. Monarchie

Gk. monarchia ერთმმართველობა

მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მონარქი წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურს. მისი ხელისუფლება, როგორც წესი, უვადოა და გადაეცემა მემკვიდრეობით. თანამედროვე მსოფლიოში არსებობს მონარქიის ორი ისტორიული ტიპი: აბსოლუტური და კონსტიტუციური. თავის მხრივ, კონსტიტუციურ მონარქიაში, მონარქის ხელისუფლების შეზღუდვის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ დუალისტურ (მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით, მაგრამ მონარქი, დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტის შედეგად, ინარჩუნებს რეალურ სახელისუფლებო ბერკეტებს. მთავრობა ფორმალურად პასუხისმგებელია მონარქისა და პარლამენტის წინაშე, თუმცაღა რეალურად მონარქს ემორჩილება. გავრცელებულია: მაროკოში, იორდანიაში, ტაილანდში, ნეპალსა და მალაიზიაში) და საპარლამენტო ფორმას (მონარქის ხელისუფლება ატარებს მხოლოდ ნომინალურ ხასიათს, მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე). ამასთან, არსებობს არჩევითი ფორმაც, მაგ. მალაიზიაში, რომელშიც ფაქტობრივად შერწყმულია მმართველობის მონარქიული და რესპუბლიკური ფორმები (მონარქის არჩევა ხდება 5 წლის ვადით, ფედერაციაში შემავალი მონარქიული შტატების წარმომადგენელთა განსაკუთრებულ სხდომაზე).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……