ნათესაური ურთიერთობები

ნათესაური ურთიერთობები

წარმომავლობასა და სოციალურ კავშირებზე დამყარებული ურთიერთობები ადამიანთა შორის, რელგულირებული ადათ-წესებითა და უფლება-მოვალეობებით. ნ. უ. აერთიანებს ადამიანებს სისხლით ან საქორწინო ნათესაობით, რაც განამტკიცებს (მხარს უჭერს) ასეთი კავშირით შექმნილ ჯგუფებს. ე.წ. მარტივ საზოგადოებებში მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სტატუსი სწორედ ნათესაობის საფუძველზე განისაზღვრება, ამიტომ ანთროპოლოგები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნათესაობის სტრუქტურასა და ნომენკლატურას. ნ. უ.-ის თავისებურება განსაზღვრულია კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანთა შორის ურთიერთობების სპეციფიკური სტრუქტურით, აგრეთვე სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკის სფეროსთან მიმართების თავისებურებით. ნ.უ-ის ტერმინოლოგიური ანალიზი ავლენს კულტურულ მრავალფეროვნებას. ძირითადად შეისწავლიან სამ სფეროს: წარმომავლობა-მემკვიდრეობას, ქორწინების ფორმებს (თანაცხოვრების თავისებურებებს) სექსუალობის რეგულირებას ინცესტის ტაბუირებით. ნაშრომთა დიდი ნაწილი ეხება წამომავლობისა და ქორწინების საკითხებს. მერდოკის თვალსაზრით, ნ. უ-თა შორის ოჯახი საზოგადოების უნივერსალური მახასიათებელია. ნ. უ-ის ფორმალიზაციის დონე, აღიარების მნიშვნელობა და გამოყენება იცვლება დროშიცა და სხვადასხვა საზოგადოებაშიც. მაგალითად, ნ.უ-ს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს პოლიტიკის, აგრეთვე განათლების აუცილებლობის გამოცხადებამდე. დღეს ბევრი მეცნიერი აღნიშნავს ნ. უ-ის როლის დაქვეითებას, თუმცა მრავალი ადამიანისთვის იგი კვლავ რჩება ცხოვრებაში მხარდაჭერის უმნიშვნელოვანეს წყაროდ (მაგ., კარიერის შესაქმნელად, სამსახურში დასაწინაურებლად). კულტურათა უახლოესი ემპირიული კვლევის მონაცემებით, თნამედროვე კოლექტივისტური კულტურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა ძლიერი ორიენტაცია პირველად სოციალურ ჯგუფებზე, პირველ რიგში, ოჯახსა და ნათესაურ ჯგუფებზე, სწორედ ამიტომ ოჯახური როლები და ნორმები განსაზღვრავს ადამიანის ღირებულებებსა და მისი ცხოვრების წესსაც. ოჯახური ურთიერთობები განსაკუთრებული ღირებულებაა. კოლექტივისტი თავის თავს უფრო მეტად განიცდის ნათესაურ ურთიერთობებზე მიჯაჭვულად და ამ ურთიერთობებით განსაზღვრულად, ვიდრე ინდივიდუალისტი. ადამიანის თვითშეფასება მეტადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აფასებენ მას ოჯახი და ნათესავები. კოლექტივისტისთვის სპეციფიკურ, სხვა ადამიანებზე დამოკიდებულად ყოფნის ფუნდამენტურ ორიენტაციას აღწერენ ტერმინით „მიჯაჭვულობის ორიენტაცია“.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……