ნიცის ხელშეკრულება

ნიცის ხელშეკრულება

E. Treaty of Nice

2000 წლის მთავრობაშორისმა კონფერენციამ მუშაობა დაასრულა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 11 დეკემბერს. ბოლო შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება იმ საკითხებზე, რომლებიც ვერ გადაწყდა 1996 წლის მთავრობათშორისი კონფერენციით, შესაბამისად არ აისახა ამსტერდამის ხელშეკრულებაში და რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელი იყო ევროკავშირის მოახლოებული გაფართოების წინ ნიცის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიცავს ევროკავშირის ინსტიტუციურ სფეროს და გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურას. ყველა ეს შესწორება განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებისა და მათი შემდგომი ინტეგრაციის გაადვილების მიზნით. რაც შეეხება ინსტიტუციურ ცვლილებებს, ეს, პირველ რიგში, ევროკომისიის და ევროპის პარლამენტის შეცვლილ შემადგენლობას გულისხმობს. კერძოდ, დაწესდა ევროპარლამენტის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა – 732 დეპუტატი, მას შემდეგ, რაც ევროპის კავშირში ყველა ევროპული სახელმწიფო გაერთიანდება. ასევე შეიცვლება ევროკომისიის წევრთა რაოდენობაც. 2005 წლიდან თითოეულ წევრ სახელმწიფოს კომისიის ერთი წევრი ეყოლება, ანუ დიდ სახელმწიფოებს ეყოლებათ ერთით ნაკლები წევრი, ვიდრე დღეს ჰყვთ. ხოლო მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა რაოდენობა მიაღწევს 27-ს, ევროკომისიის წევრთა რაოდენობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა რაოდენობაზე ნაკლები იქნება. კომისიის წევრებს როტაციის წესით აირჩევენ ისე, რომ თითოეული წევრი სახელმწიფო თანაბარი უფლებებით ისარგებლებს მინისტრების საბჭოში გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურის ცვლილებები, პირველ რიგში კვალიფიციური უმრავლესობის განსაზღვრებას ეხება. კერძოდ, 2005 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილება მინისტრების საბჭოში მიღებულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს ხმათა განსაზღვრულ რაოდენობას და, ამასთანავე, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობა. ასევე შეიცვალა ხმათა რაოდენობა, რომელიც თითოეულ წევრ სახელმწიფოს ჰქონდა მინისტრების საბჭოში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ნიცის ხელშეკრულება ითვალისწინებს გადაწყვეტილების კვალიფიციური უმრავლესობის პროცედურით მიღებას ევროგაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 27 საკითხზე, რაც გააადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას და კიდევ უფრო გააღრმავებს ინტეგრაციულ პროცესს ევროკავშირში ცვლილებები განიცადეს ევროკავშირის სხვა ორგანოებმაც, კერძოდ: სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლომ, აუდიტორთა სასამართლომ, ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა და რეგიონების კომიტეტმა.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……