ოიდიპოსის კომპლექსი

ოიდიპოსის კომპლექსი

კლასიკური ფსიქოანალიზის ერთ–ერთი ძირითადი ცნება. ეწოდა ძველბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის – ოიდიპოსის სახელის მიხედვით, რომელმაც მამა მოკლა და დედა ცოლად შეირთო ისე, რომ ამგვარი ცოდვის ჩადენა ფიქრადაც კი არ გაუვლია. ო.კ. გულისხმობს ადრეული ბავშვობის პერიოდის არაცნობიერი ლტოლვების ერთიანობას, დაკავშირებულს მშობლებისადმი ბავშვის ამბივალენტურ (გაორებულ) დამოკიდებულებასთან – მას ერთდროულად კიდეც უყვარს და კიდეც სძულს თითოეული მათგანი; მათი სიკვდილი სურს, თან თავისი (არაცნობიერი) სურვილების გამო დასჯის ეშინია. გოგონებთან ო.კ.–ს კ.გ. იუნგმა ელექტრას კომპლექსი უწოდა. იუნგისაგან განსხვავებით, ფროიდი ამჯობინებდა ო.კ.–ის ცნების გამოყენებას, რადგან, სქესისგან განურჩევლად, მას უნივერსალურად მიიჩნევდა. ამ ორ კომპლექსს შორის განსხვავებას ფროიდი მხოლოდ განვითარების ხასიათში ხედავდა. თანამედროვე ფსიქოანალიზურ მეცნიერებაში ტერმინი „ელექტრას კომპლექსი“ იშვიათად გამოიყენება; უფრო ხშირად ო.კ.–ის ცნებას მიმართავენ. ო.კ. ინდივიდში იწვევს დანაშაულის გრძნობას, რომელსაც იგი არაცნობიერ სფეროში კონფლიქტამდე მიჰყავს. კონფლიქტის დაძლევა ხდება თავისივე სქესის მშობელთან იდენტიფიკაციით. კასტრაციის საფრთხეს და თავისი ინცესტური ლტოლვების გამო შესაძლო დასჯის შიშს ბიჭი მიჰყავს ო.კ.–ის ზიზღთან, ამ კომპლექსთან დაკავშირებული ეროტიკული ლტოლვები დესექსუალიზდება, სუბლიმირდება ანუ გადაირთვება სოციალურად მისაღებ მიზნებში. ამ პროცესის იდეალური განხორციელების შემთხვევაში ო.კ. ინგრევა და ქრება. მისი დაღუპვის პროცესში მშობელთა გარეგანი ავტორიტეტი თითქოს ბავშვის ფსიქიკაში შედის და მის შინაგან მიღწევად იქცევა, რასაც მნიშვნელოვანი ფსიქიკური ინსტანციის – სუპერ–ეგოს წარმოშობა მოჰყვება. ასე ხდება სუპერ–ეგო. ო.კ.–ის მემკვიდრე. ამის შემდეგ სუპერ–ეგო მომზირალი თვალის ან დამსჯელი სინდისის როლში გამოდის და ადამიანში დანაშაულის განცდას იწვევს. თეორიულად, ეს კომპლექსი სრულად მაშინ დაიძლევა, როცა ადამიანი საპირისპირო სქესის მშობელს თავიდან აღმოაჩენს მომწიფებულ, ზრდასრულ სექსუალურ ობიექტში. ფროიდის თვალსაზრისით, ამ კომპლექსის საფუძველზე აღმოცენდება ინცესტის აკრძალვასა და შესაბამის ნორმებთან დაკავშირებული მთელი ადამიანური კულტურა. ო.კ.–ში თავს იყრის რელიგიის, ზნეობის, საზოგადოების, სოციალური ინსტიტუტებისა და ხელოვნების საწყისები.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……