ომის დამნაშავეები

ომის დამნაშავეები

E. War criminals

ის პირნი, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული (იხ. მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული), დაარღვიეს ომის კანონები და ჩვეულებები. საერთაშორისო სამართალში ამგვარ დამნაშავეებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სსრ კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ 2.VII.1043 მიღებული ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, ის პირნი, რომელთა დანაშაული არ უკავშირდება გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, ანუ აღიარებული არიან მთავარ სამხედრო დამნაშავეებად, ექვემდებარებიან საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალებს. საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი მთავარ სამხედრო დამნაშავეთა საქმეებზე მიმდინარეობდა ნიუნბერგში (გერმანია) 20.XI.1945-დან 1.X.1946-მდე (იხ. ნიურნბერგის პროცესი), ხოლო მთავრ იაპონელ სამხედრო დამნაშავეთა საქმეებზე – 3.V.1946-დან 12.X.1948-მდე ტოკიოში (იაპონია) (იხ. ტოკიოს პროცესი). ორივე ტრიბუნალი ჩამოყალიბდა სახელმწიფოთა შეთანხმების საფუძველზე და მოქმედებდნენ საკუთარი წესებით. ორივე ეს წესდება აგებულია სისხლის სამართლის დემოკრატიულობის პრინციპების მიხედვით. ორივე წესდებაში გამოყოფილ იქნა მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სამი ჯგუფი: 1) მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულობანი – აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება, ან ომის წარმოწყება საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევით, ან ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებათა ჩასადანად შეთქმულებაში თუ საერთო გეგმაში მონაწილეობის მიღება; 2) სახელდობრ ომის დანაშაულობანი – ომის კანონებისა და ჩვეულებათა დარღვევა, კერძოდ: მკვლელობა, წამება ან ოკუპიებული ტერიტორიების სამოქალაქო მოსახლეობის მონობაში (ან სხვა მიზნით) წაყვანა, სამხედრო მკვლელთა ან მძევალთა მკვლელობა ან წამება; კერძო ან საზოგადოებრივი ქონების ძარცვა და განადგურება, ქალაქებისა და სოფლების უმიზნოდ განადგურება და სხვ.; 3) დანაშაული ადამიანების წინააღმდეგ \nმეორე მსოფლიო ომში ჩადენილი დანაშაულებისათის გერმანელ და იაპონელ მთავარ სამხედრო დამნაშავეებს მიესაჯათ სიკვდილი, ხოლო დანარჩენებს – მუდმივი ან ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა. არამთავარი სამხედრო დამნაშავეების სასამართლო პროცესები გაიმართა საბჭოთა კავშირში, პოლონეთსა და სხვა ქალაქებში. სამხედრო დამნაშავეებზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა და არც თავშესაფრის უფლება. სამხედრო დამნაშავეები ექვემდებარებიან ექსტრადიციას დღემდე ხდება ზოგიერთი მათგანის გადაცემა იმ ქვეყნისათვის, სადაც მათ დანაშაული ჩაიდინეს \nმეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მოხდა ომის დანაშაულობათა ნუსხის შემდგომი გაფართოება შემდგომი სიტუაციის გათვალისწინებით. საფუძვლად დაედო ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები. ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუსს, რომელიც ოდ-თა განმსაზღვრელი ნორმების კოდიფიცირებას ახდენს.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……