პარადიგმა

პარადიგმა

იდეათა და შეხედულებათა ერთობლიობა (უპირატესად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში); აყალიბებს კონსენსუსურ ჩარჩოს ან მოდელს, რომლის შიგნითაც მეცნიერები ოპერირებენ. პ-ის საფუძველზე განისაზღვრება არსებული ცოდნის მოცულობა, საკვლევი პრობლემის ბუნება, კვლევის შესაფერისი მეთოდების არჩევა, შედეგების ანალიზისა და ინტერპრეტაციის გზები. დომინანტური პ. უკუაგდებს სამყაროს შესახებ ალტერნატიულ წარმოდგენებს, ან ახდენს მათ ბლოკირებას. პ-ის მაგალითად შეიძლება გამოდგეს სამყაროს შესახებ ნიუტონის ან აინშტაინის კონცეფცია. ამ ცნების ანალიზი დაკავშირებულია თომას კუნთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეცნიერული ცოდნის მთავარი მახასიათებლები არ არის არც ობიექტურობა და არც კუმულატიურობა, არამედ იგი განვითარდა პ–თა მონაცვლეობის მეშვეობით. კუნი იკვლევდა მეცნიერული ცოდნის ცვლილების ბუნებას. იგი ამტკიცებდა, რომ მეცნიერები მუშაობენ პ-ების ფარგლებში, რომლებიც სამყაროს ხედვის ზოგადი ხერხებია. პ-ები შესაძლებელს ხდის "ნორმალური მეცნიერების“ არსებობას. თუმცა დროთა განმავლობაში, "ნორმალური მეცნიერების“ წიაღში ჩნდება რიგი "ანომალიები", რომელთა გადაჭრა ვერ ხერხდება არსებული პ–ის ფარგლებში. ესაა გარდატეხის მომენტი, როდესაც ძველი პ. იცვლება ახლით, რომელიც "ნორმალური მეცნიერების" ფუნქციონირების ახალ პერიოდს მონიშნავს. მეცნიერების განვითარება სხვა არაფერია, თუ არა არსებული პ-ების ჩანაცვლება ახლით. სოციოლოგიის მიმართ ამ ტერმინის გამოყენება შედარებით ბუნდოვანია. ზოგიერთი სოციოლოგი ამტკიცებს, რომ სოციოლოგია, როგორც მეცნიერება, იმყოფება წინაპარადიგმულ საფეხურზე, რამდენადაც არ არსებობს, არავითარი კონსენსუსი საზოგადოების ბუნებასთან დაკავშირებით და არც საყოველთაოდ მიღებული მოდელი არსებობს იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სოციოლოგიური გამოკვლევა. არსებობს მოსაზრება, რომ პ-ად მიჩნეულ იქნეს სოციოლოგიური სკოლა, რამდენადაც ყოველი სკოლა შედარებით თვითკმარია და იყენებს საკუთარ მეთოდებს და თეორიებს. საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო დისციპლინის შექმნის შემდეგ პ–ების თანმიმდევრობას ამგვარი სახით წარმოიდგენენ: იდეალიზმი, რეალიზმი, ბიჰევიორიზმი, ნეორეალიზმი, ნეოლიბერალიზმი. პ–ების ცვლას თან ახლავს "პარადიგმული კრიზისი". ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობებში გაბატონებული პ–ის სტატუსს ძირითადად, ნეორეალიზმი და ნეოლიბერალიზმი ეცილებიან ერთმანეთს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. paradigm

G. paradigma

Fr. paradigme

Gk. paradeigm ნიმუში, მაგალითი

კულტურის, ცივილიზაციის, მეცნიერების განვითარების გარკვეული ეტაპისთვის დამახასიათებელი ძირითადი, კონცეპტუალური შეხედულებების სისტემა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……