პერკინსის თეორია სწავლის შესახებ

პერკინსის თეორია სწავლის შესახებ

განათლების სპეციალისტი დევიდ პერკინსის (Perkins, 1992) „თეორია ერთი“ განიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეფექტურ სწავლასა და სწავლებას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რისი სწავლის ლოგიკური შესაძლებლობაც და მოტივაციაც აქვს მას. „თეორია ერთის“ მიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი პირობების გათვალისწინებას:

1. ნათელი ინფორმაცია: მიზნების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;

2. შემეცნებითი პრაქტიკა: აქტიური და სააზროვნო პროცესებით დატვირთული პრაქტიკა იმაში, რასაც მოსწავლე სწავლობს;

3. გამოხმაურება: რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს;

4. ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა მოსწავლისათვის, ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში;

„თეორია ერთის“ საკლასო პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლისათვის ნათელი ინფორმაციისა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდებას, გააზრებული პრაქტიკის შეთავაზებას, რაც აღძრავს მოსწავლის შინაგან და გარეგან მოტივაციას. ნათელი ინფორმაცია გულისხმობს იმას, თუ „რა,“ „როგორ“ და ,,როდის” უნდა გაკეთდეს. ამ შემთხვევაში მასწავლებელი თვალყურს ადევნებს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია. მათი შეცდომების ანალიზის საფუძველზე მასწავლებელი ცდილობს იპოვოს ის გზები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ მოცემული საკითხი.

„თეორია ერთის“ ამოქმედებას ხელს უწყობს სწავლების შემდეგი მეთოდები: დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული და სოციალური, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს აზროვნების აქტივაციაში.

პერკინსის აზრით, კარგად აზროვნება გულისხმობს საკუთარი აზროვნების პროცესების მართვას, რომელიც მოიცავს შემდეგის გააზრებას: რა შეკითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს, როგორ უნდა გამოიყენო პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები, როგორ უნდა მოახდინო საკუთარი აზროვნების მონიტორინგი (შემოწმება) და წარმართო იგი სწორი მიმართულებით და ა.შ. ეს ერთგვარად ჰგავს საკუთარი აზროვნების შესწავლას ანუ რეფლექსიას (თვით-განცდას, გაცნობიერებას), მეტაკოგნიციას.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……