პიაჟეს შემეცნებითი თეორია

პიაჟეს შემეცნებითი თეორია

შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს (1896-1980) თეორიისათვის ამოსავალია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განვითარების პროცესში ბავშვი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოს ზეგავლენაზე, არამედ აქტიურად მოქმედებს და იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გარემოსთან შეგუების პროცესში. ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნება ვითარდება არა მხოლოდ ცოდნის დაგროვების თვალსაზრისით, არამედ თვისებრივად იცვლება თვით შემეცნების პროცესიც. ბავშვის მიერ აღქმული სამყარო განსხვავდება მოზრდილის მიერ აღქმული სამყაროსაგან.

პიაჟეს მიხედვით, ინფორმაციის გადამუშავება შემეცნებითი სტრუქტურების – სქემების საშუალებით ხდება. სქემები არის ინფორმაციის მიღების, შენახვის, გარდაქმნის შინაგანად არსებული ჩარჩოები. სქემები იცვლება ბავშვის განვითარებასთან და ცოდნის დაგროვებასთან ერთად. თუ ბავშვის მიერ მიღებული ინფორმაცია შეესაბამება მის შემეცნებით სტრუქტურებს (სქემებს), მაშინ ხდება ბავშვის მიერ ამ ინფორმაციის გაგება ანუ ასიმილაცია. თუ ინფორმაცია არ შეესაბამება სქემებს, მაშინ ინფორმაციის გაგება ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ შემეცნებითი სტრუქტურა მომწიფებულია შესაცვლელად, მაშინ იგი გადაეწყობა ახალი ინფორმაციის შესაბამისად ანუ განხორციელდება აკომოდაცია. ამგვარად, ასიმილაცია არის ახალი გამოცდილების გააზრება არსებულ შემეცნებით სტრუქტურებზე დაყრდნობით, ხოლო აკომოდაცია არის არსებული შემეცნებითი სტრუქტურების გარდაქმნა ახალი და ძველი ცოდნის გაერთიანების მიზნით. ასლიმილაციისა და აკომოდაციის მაგალითია: მცირეწლოვანი ბავშვი იქმნის წარმოდგენას რომ ყველაფერი რაც დაფრინავს არის ჩიტი. როდესაც ბავშვი პირველად ხედავს თვითმფრინავს ის მას ჩიტს ეძახის. ამ დროს ის იყენებს ასიმილაციის შესაძლებლობას, ანუ დაუქვემდებარებს თვითმფრინავს მისთვის ნაცნობ სქემას, რომ ყველაფერი, რაც დაფრინავს, არის ჩიტი. შემდეგ უკვე ხვდება, რომ თვითმფრინავი არ არის ჩიტი და იგონებს მისთვის ახალ სახელს. ამ დროს ბავშვი იყენებს აკომოდაციის შესაძლებლობას და ქმნის ახალ სქემას, სადაც ჩიტი და თვითმფრინავი სხვადასხვა რამე არის.

ასიმილაციის და აკომოდაციის ურთიერთქმედება თვალსაჩინოს ხდის შემეცნების კონსტრუქტივისტული მიდგომის სისწორეს. კერძოდ, ყოველი ბავშვი ერთსა და იმავე ინფორმაციაზე სხვადასხვაგვარად მუშაობს, რადგან განსხვავებულ შემეცნებით სტრუქტურაში კრავს ინფორმაციას. ამას პიაჟე უწოდებს ბავშვის მიერ სამყაროს შესახებ ცოდნის აგებას – კონსტრუქციას.

ასიმილაციის, აკომოდაციისა და კონსტრუქციის პროცესი დაბადებიდან ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ყოველი ახალი კონსტრუქცია შემეცნებით სისტემას უფრო მოქნილსა და ძლიერს ხდის.

პიაჟეს თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:

1. შემეცნებითი აზროვნების განვითარების შესაბამისად ბავშვებს უნდა მივაწოდოთ რეალური სამყაროს აღქმის შესაბამისი საშუალებები;

2. შემეცნებითი აზროვნების განვითარება ხდება ისეთი სავარჯიშოების ან სიტუაციების საშუალებით, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვების აქტიურად ჩართვას სასწავლო პროცესში და მოითხოვენ ადაპტაციას (ასიმილაცია, აკომოდაცია);

3. სასწავლო მასალები და სავარჯიშოები უნდა მოიცავდნენ მხოლოდ ისეთ მოტორულ და გონებრივ ოპერაციებს, რომლებიც სჭირდებათ ბავშვებს შემეცნებითი აზროვნების განვითარების გარკვეულ ეტაპზე. ამიტომ უშედეგოა ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც აღემატება მოსწავლის გონებრივ შესაძლებლობებს.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……