პოზიტივისტური სოციოლოგია

პოზიტივისტური სოციოლოგია

კონტის მიერ ფორმირებული დოქტრინა, რომლის თანახმადაც მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნა წარმოადგენს მეცნიერულს, ანუ დაკვირვებადი მოვლენების – როგორც ფიზიკურის, ისე სოციალურის – თანაარსებობისა და თანამიმდევრულობის აღწერისა და შესწავლის უნარის მქონეს. XIX ს-ის ბურჟუაზიული საზოგადოებრივი აზრის მიმართულება, რომლის მიხედვითაც სოციოლოგიური ცოდნა უნდა აგებულიყო საბუნებისმეტყველო მეთოდოლოგიის გამოყენების საფუძველზე. ო. კონტისა და მისი მიმდევრების – ჰ. სპენსერის. ე. დიურკემისა და სხვ. შრომებში ჩაისახა ნატურალისტური მიდგომა სახოგადოებრივი ცხოვრების მოვლენებისადმი, ორგანიცისტული სკოლისა და სოციალისტური მექანიციზმისათვის დამახასიათებელი ტენდენცია საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ადამიანის ქცევაზე ფიზიკური მეცნიერებების მიერ დადგენილ კანონზომიერებათა გავრცელებისა. ამ კონცეფციებისათვის დამახასიათებელია ანტიისტორიზმი, სპეკულაციური, გონებაჭვრეტითი ხასიათი და ა.შ. XX ს-ის 20-30-იან წლებში ემპირიული სოციოლოგიის გავრცელების შედეგად იწყება ამ მიმართულების ევოლუციის თანამედროვე ეტაპი. ნეოპოზიტივიზმის ფილოსოფიურ საფუძვლს წარმოადგენდა ლოგიკური პოზიტივიზმი (იხ. 2). პოზიტივიზმის ძირითადი პრინციპები სოციოლოგიაში შემდეგია: 1) სოციალური მოვლენები ექვემდებარება მთელი სინამდვილისათვის (ბუნებრივი, სოციალური, ისტორიული) დამახასიათებელ საერთო კანონებს; 2) სოციალური კვლევის მეთოდები ისეთივე ზუსტი, მკაცრი და ობიექტური უნდა იყოს, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა (სციენტიზმი); 3) ადამიანის ქცევის „სუბიექტური ასპექტები“ შეიძლება გამოკვლეულ იქნეს მხოლოდ დაკვირვებადი ქცევის მეშვეობით (ბიჰევიორიზმი); 4) მეცნიერული ცნებებისა და მტკიცებების ჭეშმარიტება უნდა დგინდებოდეს კვლევის ემპირიული პროცენტულობის საფუძველზე (ვერიფიკაციონიზმი); 5 ყველა სოციალური მოვლენა უნდა აღიწეროს და გამოიხატოს რაოდენობრივად (კვანტიფიკაცია); 6) სოციოლოგია, როგორც მეცნიერება, თავისუფალი უნდა იყოს ღირებულებადი განსჯისაგან, იდეოლოგიისაგან. კონტის პოზიტივიზმს ჰქონდა ორი განზომილება: მეთოდური და სოციალურ-პოლიტიკური, რამდენადაც სოციალური მოვლენების ცოდნა შესაძლებლობას იძლევა ახლებურად, მეცნიერულად დაფუძნდეს ჩარევა პოლიტიკაში და მთელ რიგ საქმეებში, რომელიც გარდაქმნის სოციალურ ცხოვრებას. 2. ლოგიკური პოზიტივიზმი – „ვენის წრის“ 1920-1930-იანი წლების ფილოსოფოსთა ჯგუფის თვალსაზრისი, რომლის იდეები ნაწილობრივ ეფუძნებოდა კონტის თეორიას, მისი პოზიტივიზმის შემცირებით უფრო საიმედო ლოგიკური საფუძვლის ხარჯზე. „ვენის ჯგუფის“ მთავარი დოქტრინა – „ვერიფიკაციის პრინციპი“ ისაა, რომ ერთადერთი ვალიდური ცოდნა გრძნობითი გამოცდილებით შემოწმებული ცოდნაა, რომ მეცნიერული ცოდნა საბოლოო ანგარიშით, ფორმულირდება ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებული „საბაზისო ფაქტებზე“ დაფუძნებულ „გრძნობით მონაცემებში“, წრის ზოგიერთი წარმომაგდგენელი სარგებლობდა აგრეთვე კონტის პროექტით ტქნიკური მეცნიერების მეთოდების სოციოლოგიაში გადატანის შესახებ. „პოზიტივიზმის“ ტერმინით კონტი ვარაუდობდა, უარი ეთქვა ადრინდელი რელიგიური ან მეტაფიზიკური „ცოდნის“ საფუძველზე. იგი მეცნიერულ ცოდნას აფასებდა როგორც „შედარებითს“ და არა აბსოლუტურს. ეს უკანასკნელი ყოველთვის მიუწვდომლად მიაჩნდა. კონტის პროგრამა ითვალისწინებდა საზოგადოების რეორგანიზაციას ახალი მეცნიერების – სოციოლოგიის საწყისებზე. სოციოლოგებისათის გამოიყოფოდა როლები მთავრობაში, განათლებასა და ახალი „კაცობრიობის რელიგიის“ დაწესებაში. ლოგიკური პოზიტივიზმის მეთოდოლოგია უფრო მრავალგვაროვანია, კონტთან შედარებით. ეთიკის სფეროში, მაგ., ლოგიკური პოზიტივისტები ხშირად ასოცირდებოდნენ დოქტრინასთან, რომელიც მკვეთრად მიჯნავდა „ფაქტებსა“ (რაც ვერიფიცირებადია) და „ღირებულებებს“ (რაც არავერიფიცირებადია). ლოგიკური პოზიტივისტების მცდელობა, შეემუშავებინათ პოზიტივიზმისა და „მეცნიერების“ უფრო მკაცრი ფორმულირება, წარუმატებლად დამთავრდა. პოზიტივიზმის ცენტრალური პრობლემა აღმოცენდება ე. წ. „ემპირიზმის პრობლემიდან“. მეორე დამაჯერებელი პუნქტი კრიტიკისა ისაა, რომ ვერიფიკაციის, პრინციპი არ ექვემდებარება შემოწმებას – ესაა ე.წ. „პოზიტივიზმის პარადოქსი“. უკანასკნელ წლებში პოზიტივისტებს ბრალს სდებენ მეცნიერული ცოდნის, როგორც „შედარებითი“ ცოდნის საკუთარი კონცეფციის ღალატში.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……