პოლიტიკური იდეალიზმი

პოლიტიკური იდეალიზმი

ზოგჯერ უწოდებენ, აგრეთვე, „პოლიტიკურ უტოპიზმს“, „პოლიტიკურ რაციონალიზმს“ ან „პოლიტიკურ ლიბერალიზმს“. საერთაშორისო ურთიერთობათა: მეცნიერებაში იგი არის ერთ-ერთი თეორია, რომლის მიხედვით, საერთაშორისო ურთიერთობებში განმსაზღვრელი ფაქტორებია საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო მორალი, ინტერესების თანხვედრა, ჰარმონიზაცია და ა.შ. აღნიშნული ფაქტორები საგარეო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღებისას დომინირებს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ძალა, ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებელი მოქმედება და სხვ. პ. ი-ის მიხედვით, ადამიანი ბუნებით კეთილი და მშვიდობისმოყვარეა და, ამდენად, აგრესია, ძალადობა და უსამართლობა ალოგიკური და ანომალიური მოვლენებია; „კარგი მთავრობების“, სრულყოფილი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციების პირობებში საყოველთაო მშვიდობა და ურთიერთხელსაყრელი და მეგობრული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები გარანტირებულია. პ. ი-ის თეორეტიკოსთა და მიმდევართა აზრით, საყოველთაო განიარაღება გამორიცხავს ომის საშიშროებას, ხოლო განათლებული, შეგნებული და მაღალი ზნეობის მქონე ადამიანების მოსვლა სახელმწიფო მმართველობაში უტყუარი პირობაა მოსახლეობის კეთილდღეობისათვის; საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივა მსოფლიო მთავრობის შექმნაა, რაც თავისთავად ყველა საერთაშორისო პრობლემას გადაჭრის, რადგან მთელ მსოფლიოს ერთი ხელისუფლება ეყოლება. პ. ი. განსაკუთრებით პოპულარული იყო XX ს-ის 20-30-იან წლებში. ამის ნიმუშად გამოდგება აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო უილსონის „14 პუნქტი“ და ერთა ლიგის შექმნის იდეა. პირველი მსოფლიო ომი უილსონს უკანასკნელ ომად მიაჩნდა კაცობრიობის ისტორიაში, ხოლო ერთა ლიგა – მომავალი მსოფლიოს მთავრობის მოდელად. პ. ი-ის მაგალითია, აგრეთვე, ბრაიან – კელოგის პაქტი და XX ს-ის 20-იან წლებში მიმდინარე კამპანია საყოველთაო განიარაღებისათვის. საერთაშორისო ურთიერთობებში 30-იან წლებში მომხდარმა მოვლენებმა (ნაციზმის გამარჯვება გერმანიაში, ფაშიზმისა – იტალიაში, იაპონიის მილიტარიზაცია, საბჭოთა კავშირში ბოლშევიზმის განმტკიცება და ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის აგრესიული და ექსპანსიური კურსი) საფუძველი გამოაცალა პ. ი-ის თეორიას. მეორე მსოფლიო ომმა და ომის შემდგომი მსოფლიოს ბიპოლარიზაციამ ამ თეორიის მიმდევართა რიცხვი მკვეთრად შეამცირა და საერთაშორისო ურთიერთობათა მეცნიერებაში გაბატონებული ადგილი პოლიტიკური რეალიზმის თეორიამ დაიკავა.

See also: იდეალიზმი, ბიპოლარულობა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……