პორნოგრაფია

პორნოგრაფია

(ბერძ. Pornos – პროსტიტუტი, გარყვნილება; graphos – წერა, გამოსახვა) – porne აღნიშნავდა ყველაზე უღარიბესი ფენის მეძავებს. ისინი „ემსახურებოდნენ“ ყველას და წარმოადგენდნენ სექსუალურ მონებს. შესაბამისად, პორნოგრაფიის ჩასახვა უშუალოდ უკავშირდება პროსტიტუციას. მოგვიანებით კი ჩნდება სექსუალური ქმედებების აღმწერი მხატვრული ტექსტები. საუკუნემ მოიტანა ახალი ცნებებიც. პორნოფილმი და პორნო ვებ-გვერდი. \ პატრიარქალურ კულტურაში ძალაუფლების გავრცელების, კონტროლის ობიექტია არა მარტო ქალის გონებრივი შესაძლებლობები, არამედ ქალის სხეულიც. ითვლება, რომ პორნოგრაფია, როგორც სპეციფიკური ჟანრი, უპირველეს ყოვლისა, იქმნება მამაკაცებისათვის მამაკაცების მიერ. სექსოლოგიის ცნობარში პორნოგრაფია განმარტებულია, როგორც „სქესობრივი ცხოვრების ვულგარულ-ნატურალისტური, უხამსი ასახვა ლიტერატურაში, სახვით ხელოვნებაში, თეატრში, კინოში და ა.შ.“ ცნობილი ფემინისტი, ანტიპორნოგრაფიული მოძრაობის ხელმძღვანელი ანდრეა დვორკინი წერდა, რომ „პორნოგრაფია ესაა სექსუალური დისკრიმინაციის კულტურული პრაქტიკა“. ზოგი ფემინისტი, რომელიც სექსუალურ თავისუფლებას ქადაგებს, არ ეთანხმება პორნოგრაფიის მიმართ ცენზურის პოლიტიკას. სხვა ფემინისტები კი თვლიან, რომ პორნოგრაფია იმთავითვე არღვევს ქალთა უფლებებს, რადგანაც „პორნოგრაფია თეორიაა, ხოლო გაუპატიურება – პრაქტიკა“. \ დღიესათვის ინტერპრეტაციის მაღალი ამპლიტუდის გამო, ძალიან ძნელია გაივლოს მკვეთრი ზღვარი ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის, თუმცა არსებობს მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული და იურიდიული და საზოგადოებრივი განმარტებები. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და სექსოლოგი დონ ბირნი წერს, რომ „პორნოგრაფიის საგანია არა ადამიანის პიროვნება და არა მისი სხეული, არამედ მხოლოდ მისი სასქესო ორგანოები“. სექსოლოგიის სახელმძღვანელო კი განმრატავს, რომ „ეროტიკა – ეს არის მაყურებლისათვის სექსუალურად მისაღები მასალა, ხოლო პორნოგრაფია – მიუღებელი“. ყვითელი პრესა, საზღვარგარეთ არსებული სპეციალური მაღაზიები, სატელევიზიო არხები, ვიდეოსალონები პორნოგრაფიის შემცველ ინფორმაციას ავრცელებენ. ქალთა IV მსოფლიო კონფერენციამ აღნიშნა, რომ მასმედია განაგრძობს ქალთა წარმოჩენას ნეგატიური კუთხით და ამ პროცესში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი პორნოგრაფიას უჭირავს. ამიტომაც კონფერენციის მოქმედებათა პლატფორმაში რეკომენდირებულია ეფექტური ღონისძიებებების გატარება პორნოგრაფიის წინააღმდეგ საბრძოლველად. საერთაშორისო სამართალში ძირითად დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს პორნოგრაფიული პროდუქციის გავცელელებას, წარმოადგენს 1923 წელს მიღებული ჟენევის კონვენცია ,,პორნოგრაფიული ნიმუშებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ.“ სსრკ ამ კონვენციას 1935 წელს შეუერთდა. კონვენცია 57 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული. იგი სახელმწიფოებს მოუწოდებს დაადგინოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ყველა სახის კანონპროდუქციის დამზადების, შენახვისა და გავრცელების გამო. ჟენევის კონვენციის შემდეგ მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ინტერპოლმა, ევროპოლმა მიიღო სხვადასხვა დოკუმენტი პორნოგრაფიის პრობლემების შესახებ. საქართველოში მიღებულია კანონი ,,მავნე ზემოქმედებისაგან მოზარდების დაცვის შესახებ“ (2002 წლის 1 იანვარი). ქართულ კანონმდებლობაში არსებობს 255-ე სტატია უკანონოდ დამზადებული პორნოპროდუქციის გავრცელების შესახებ. თუმცა არაა განსაზღვრული, რას ნიშნავს კანონიერი და უკნონო პორნოპროდუქცია. ამიტომაც ეს სტატია კონკრეტიზაციას მოითხოვს. არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც მსგავსი პროდუქციის ექსპერტიზის ჩატარებას ითვალისწინებს.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……