პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი

სახელმწიფოს პარლამენტური სისტემით მოწყობის შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების, მინისტრთა კაბინეტის მეათაური. ამ პოსტის მნიშვნელობა სახელმწიფოსათვის დამოკიდებულია ქვეყნის ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, მთავრობის პარტიულ შემადგენლობაზე და კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებებზე. ქვეყნის ინსტიტუციონალურ ორგანიზაციაში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ქვეყნის ტერიტორიული განაწილების შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურების განაწილება. მთავრობის პარტიულ შემადგენლობას მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს პ–მ,-ის ხელისუფლებაზე მაშინ, თუ მთავრობა წარმოადგენს რამდენიმე ან თუნდაც ორი პარტიის კოალიციას. ისეთ ქვეყნებში, სადაც მთავრობა, როგორც წესი, კოალიციურია ხოლმე (ამგვარი ვითარება ტიპურია ნიდერლანდებისათის), პ–მ.-ს უწევს შიდასამთავრობო აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების მომრიგებლის ფუნქციის შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ პ–მ.-ის ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, ყველგან დიდადაა დამოკიდებული პარლამენტის მხარდაჭერასა და საკუთარი პარტიის კონსოლიდაციაზე.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. prime minister

Fr. premier-ministre პირველი მინისტრი

1. მინისტრთა კაბინეტის, მთავრობის ხელმძღვანელი;

2. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზაციას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს კოორდინაციას და კონტროლს მთავრობის წევრების საქმიანობაზე, მოახსენებს საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის საქმიანობის შესახებ და პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობისათვის საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე; პარლამენტის მოთხოვნით წარუდგენს მას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, აგრეთვე, ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში; პრეზიდენტის თანხმობით ნიშნავს მთავრობის სხვა წევრებს, უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მთავრობის წევრები. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს. პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. მთავრობის სხვა წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით ორი კვირის ვადაში ნიშნავს მთავრობის ახალ წევრს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 79).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……