პროფესიული კავშირები

პროფესიული კავშირები

მუშათა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლის ძირითადი ამოცანაა დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის ინდივიდუალური ხელშეკრულების სისტემის კოლექტიური სისტემით შეცვლა. პროფკავშირების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს არაორგანიზებული მშრომელების უფლებების დაცვა, მათი შრომისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ა.შ. პროფკავშირული ორგანიზაციების ჩამოყალიბება და გაძლიერება უკავშირდება XVIII ს-ში მრეწველობის მოცულობის და მუშათა რაოდენობის ზრდას. განსაკუთრებული როლი ითამაშეს პროფკავშირებმა დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც ამგვარ გაერთიანებათა ადრეული ფორმები 1824 წლამდე არალეგალურად არსებობდა, ხოლო მათი მოღვაწეობის ამკრძალავი კანონების გაუქმების შემდეგ კი დაიწყეს ნაციონალური მასშტაბის ცენტრალიზებულ გაერთიანებებად ჩამოყალიბება. პირველ პროფკავშირულ ორგანიზაციებს "ელიტარული“ ხასიათი ჰქონდა და იცავდნენ მაღალკვალიფიციურ მუშებს, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ თავიანთი პრივილეგირებული პოზიციების შენარჩუნებით შრომის ბაზარზე. XIX ს-ის მეორე ნახევრიდან შეიქმნა უნივერსალური ტიპის (სხვადასხვა პროფესიის მშრომელთა) გაერთიანებები, რომლებიც უკვე დაბალი ანაზღაურების მშრომელების უფლებებს იცავდნენ. პროფკავშირების პოლიტიკური როლისა და ფუნქციების შეფასება არაერთგვაროვანია. ბოლშევიკური თვალსაზრისით, პროფკავშირების პოლიტიკური როლი მინიმალურია, რამდენადაც ეს გაერთიანებები წმინდა ეკონომიკური ამოცანების მოგვარებით შემოიფარგლება. ამისგან განსხვავებით, ვებერი თვლიდა, რომ პროფკავშირები აქტიურ როლს თამაშობენ სოციალურ გარდაქმნებში. ვებერის ამ თვალსაზრისის გარკვეულ გამართლებად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ თანამედროვე ლეიბორისტული პარტია დიდ ბრიტანეთში სწორედ პროფკავშირული გაერთიანებებისაგან წარმოიშვა.

See also: ოლიგარქიის რკინის კანონი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. trade unions

მუშებისა და მოსამსახურეების მასობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მისი წევრების ინტერესების დაცვაზე ზრუნავს, განსაკუთრებით მათი ცხოვრების დონის, შრომის და სხვა უფლებებთან დაკავშირებით; მისი ერთერთი უმთავრესი მიზანია მოახდინოს საკუთრების არმქონე არაორგანიზებულ დაქირავებულ მომუშავეთა ეკონომიკური სისუსტის ნეიტრალიზება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……