რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია

რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია

E. Regional international organization

მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ცალკეული გეოგრაფიული რეგიონების სახელმწიფოებს მოიცავს (ევროპის საბჭო, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია და სხვ.). აუცილებელი არ არის, რომ რსო მოიცავდეს მთელ კონტინენტს ან რეგიონს, ის შეიძლება არსებობდეს რამდენიმე კონტინენტზე (ნატო, არაბულ სახელმწიფოთა ლიგა), ან კონტინენტის ნაწილში მდებარე სახელმწიფოებში. გაეროს წესდების თანახმად, დასაშვებია „რეგიონალურ შეთანხმებათა ან ორგანოების შექმნა გარკვეულ გაოგრაფიულ რაიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით.“ ეს ორგანიზაციები გაეროს წესდების შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ. მათი წევრები უნდა ცდილობდნენ, რომ თავიანთი დავები რეგიონალური ორგანიზაციების მეშვეობით გადაწყვიტონ და მხოლოდ ყველა სხვა საშუალების ამოწურვის შემდეგ ესა თუ ის დავა უნდა გადაეცეს გაეროს უშიშროების საბჭოს, თუ მანამდე თვითონ საბჭომ არ ჩათვალა საჭიროდ კონფლიქტში ჩარევა (52-ე მუხ.) რეგიონალურ ორგანიზაციას უფლება არა აქვს, გამოიყენოს შეიარაღებული ძალა, თუ ამას უშიშროების საბჭო არ მოითხოვს (53-ე მუხ.). მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის წევრები სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული აგრესიის ობიექტები გახდებიან, მათ უფლება აქვთ, ორგანიზაციის მთელი ძალები გამოიყენონ აგრესორის უკუსაგდებად, რის შესახებაც ატყობინებენ უშიშროების საბჭოს (51-ე, 53-ე, 54-ე მუხლები). ასეთ ორგანიზაციათა რიცხვს მიეკუთვნებიან ნატო, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, აფრიკული კავშირი, არაბულ სახელმწიფოთა ლიგა, ევროპის კავშირი (იხ. ევროკავშირი), ევროპის საბჭო. მშვიდობის, ხალხთა უშიშროებისა და ადმიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციების გარდა, არსებობს ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციებიც (მაგ.: შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თამამშრომლობის ორგანიზაცია და სხვ.)

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……