საერთაშორისო დანაშაული

საერთაშორისო დანაშაული

E. International crimes

ს.დ-ის ცნება განსაზღვრულია 1976 წელს საერთაშორისო სამართლებრივი კომისიის მიერ, რომლის მიხედვით:

1. სახელმწიფოთა ქმედება, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო ვალდებულებებს, არამართლზომიერი ქმედებაა, მიუხედავად დარღვეული ვალდებულებების საგნისა;

2. არამართლზომიერი ქმედება საერთაშორისო ურთიერთობებში, რომლის მიზეზი გახდა სახელმწიფოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობის ფუნდამენტური ინტერესების დაცვისათვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა.

ს.დ-ის მიზეზი შეიძლება გახდეს:

ა) საერთაშორისო ვალდებულებათა სერიოზული დარღვევა, როდესაც ეს ვალდებულება მეტად მნიშვნელოვანია საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის;

ბ) საერთაშორისო ვალდებულებათა სერიოზული დარღვევა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხთა თვითგამორკვევის უფლების უზრუნველსაყოფად (მაგალითად, კოლონიური რეჟიმის მხარდაჭერა ძალის გამოყენებით);

გ) ადამიანის უფლებათა დასაცავად მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებების სერიოზული დარღვევა ფართო მასშტაბებით, როგორიცაა: მონობის აკრძალვა, გენოციდი და აპარტეიდი;

დ) გარემოს დასაცავად და შესანარჩუნებლად მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებების სერიოზული დარღვევა, როგორიცაა: ატმოსფეროს და წყლების მასობრივი დაბინძურების აკრძალვა;

4. ნებისმიერი არამართლზომიერი ქმედება საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც არ წარმოადგენს ს.დ-ს, განიხილება როგორც საერთაშორისო სამართალდარღვევა.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. International crime

სახელმწიფოს ან ინდივიდის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის შედეგად ირღვევა საერთაშორისო მშვიდობა ან ხალხთა უშიშროება. ნიურნბერგისა და ტოკიოს ტრიბუნალთა წესდებებსა და განჩინებაში, რომლებიც მთავარ სამხედრო დამნაშავეებს შეხება, ჩამოყალიბებულია საერთაშორისო სისხლის სამართლის ძირითადი პრინციპები აგრესორი სახელმწიფოების, მათ მეთაურთა და ქმედების უშუალო ჩამდენთა პასუხისმგებლობის დასადგენად. სდ-ის საგანია, გამოიკვლიოს სახელმწიფოთა ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელიც წარმოიშობა სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო მართლწესრიგის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევის შემთხვევაში. სდ-თა რიცხვს განეკუთვნებიან: მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობანი (აგრესია, აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება და წარმოება); ომის დანაშაულობანი (ომის კანონებისა და ჩვეულებათა დარღვევა – ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის განადგურება, წამება, სამხედრო ტყვეთა წამება და მკვლელობა, დამონება, მძევალთა მკვლელობა, სახელმწიფო ან კერძო საკუთრების გაძარცვა, სამოქალაქო მოსახლეობით დასახლებული პუნქტების განადგურება და სხვ.); დანაშაულობანი ადამიანურობის წინააღმდეგ (სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი განადგურება, წამება და სხვ.). სდ-ს მიეკუთვნება, აგრეთვე: ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობის ცდა, ინტერვენცია, რასობრივი დისკრიმინაციის უსასტიკესი ფორმები – გენოციდი და აპარტეიდი, მონობა და მონებით ვაჭრობა; ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის პრაქტიკამ ამ დანაშაულთა რიცხვს ეთნიკური წმენდაც მიეკუთვნება.

სდ-თა თითქმის სრული კოდიფიცირება გვევლინება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუსში

რაუნდის თაობაზე საერთაშორისო ტრიბუნალი საერთაშორისო დანაშაულებად მიიჩნევს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს გენოციდისათვის, მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთათვის, რომლებიც განხორციელდა 01.01.1994 წლიდან 31.12.1994 წლამდე რუანდაში

საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულების ჩამონათვალი მოცემულია მუდმივმოქმედ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებაში (რომის სტატუსი), რომელიც ამოქმედდა 2001 წელს. რომის სტატუსის თანახმად, საერთაშორისო სისხლის სამართლის იურისდიქციას დაქვემდებარებული დანაშაულებია: გენოციდი; ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები; ომის დანაშაულები; აგრესიის დანაშაული (რომის სტატუსის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „a“, „b“, „c“, „d“).

See also: ნიურნბრეგის პროცესი, ტოკიოს პროცესი, კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, სისხლის სამართლის საეთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

E. international crime

დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფოთა არსებობის საფუძვლებს, არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას. საერთაშორისო დანაშაულია აგრესია, სამხედრო დანაშაულები (სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის დამონება, მძევლად აყვანა და ა.შ.), კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები (გენოციდი, აპარტეიდი, რასიზმი, ტერორიზმი და ა.შ.).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……