საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი

საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი

E. Law of international organizations

დარგი თანამედროვე საერთაშორისო სამართლისა, იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებს საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნას, მათ სამართლებრივ სტატუსს, განსაზღვრავს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. სოს აერთიანებს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის საერთო პრინციპებსა და ნორმებს, ასევე იმ ინდივიდუალურ პრინციპებსა და ნორმებს, რომლებიც ასახავს ცალკეული ორგანიზაციების ან ორგანიზაციათა ჯგუფის სპეციფიკას. განასხვავებენ საერთაშორისო ორგანიზაციების შიდა და საგარეო სამართალს. მათი საგარეო სამართალი არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთობას სხვა სტრუქტურებთან – ამ ორგანიზაციების როგორც წევრ, ისე არაწევრ სახელმწიფოებთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ა.შ., ხოლო შიდა სამართალი იმ ნორმათა ერთობლიობაა, რომლებიც აწესრიგებენ ორგანიზაციის შიდასამართლებრივ ურთიერთობებს (საპროცედურო, საფინანსო და პერსონალისთვის განკუთვნილი წესები) \nსოს-ის წყაროებს მიეკუთვნება: 1) საერთაშორისო ორგანიზაციების დამფუძნებელი აქტები; 2) საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა შეთანხმებები; 3) საერთაშორისო ჩვეულებები (იხ. საერთაშორისო ჩვეულებათა სამართალი); 4) საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებანი. სოს, როგორც თანამედროვე საერთაშორისო სამართლის შემადგენელი ნაწილი, უნდა შეესაბამებოდეს იმ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, რომლებიც დაფიქსირებულია გაეროს წესდებაში. სოს-ის განსაკუთრებულ ნაწილს შეადგენს ის შეთანხმებები, რომლებიც არეგულირებენ საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგელობების პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს (1946 წლის კონვენცია გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ, 1947 წლის კონვენცია სპეციალიზებულ დაწესებულებათა პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ, 1975 წლის კონვენცია უნივერსალური ხასიათის საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელმწიფოთა წარმომადგენლობის შესახებ და სხვ.).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……