საერთაშორისო სისტემა

საერთაშორისო სისტემა

სისტემა, რომლის შემადგენელი ელემენტებია საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტები (პირველ რიგში, სახელმწიფოები). ამ სუბიექტებს შორის დამოკიდებულებისა და ურთიერთობათა ხარისხი და თავისებურებანი განსაზღვრავენ კიდევაც მთელი სისტემის ხასიათს. თვითონ ტერმინი ხაზს უსვამს იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა ხასიათი, სახელმწიფოებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტების ერთმანეთზე დამოკიდებულების დონე ისეთი მჭიდრო და ურთიერთგანმსაზღვრელია, რომ აკმაყოფილებს პირობას, იწოდებოდეს ს.ს-ად. ამგვარად, საერთაშორისო ურთიერთობებს სისტემური ხასიათი აქვს და სხვადასხვა ტიპის ქვესისტემათა ერთობლიობას წარმოადგენს. ს.ს. რთული, ჩაკეტილი სისტემაა. თითოეული მისი ელემენტი, თავის მხრივ, სისტემას წარმოადგენს. მაგალითად, სახელმწიფოები ს.ს-ის ელემენტებია, მაგრამ სახელმწიფო თვითონ არის სისტემა, რომელშიც სხვადასხვა ჯგუფები თუ ინტერესები ქვესისტემებად შეიძლება წარმოვიდგინოთ. საგარეო პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფოები აწარმოებენ, სისტემის ელემენტებს შორის კავშირების ფორმაა, რომლის ხასიათი, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს სისტემის ხასიათს. ს.ს-ის ხასიათზე განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს მისი ძირითადი ელემენტების (უმთავრესი სახელმწიფოების) საგარეო-პოლიტიკური მიზნები და ორიენტაციები. კერძოდ, სუპერსახელმწიფოების ურთიერთობებმა შეიძლება საერთოდ შეცვალოს ს.ს-ის სტრუქტურა. მკვლევრები ს.ს-ში გამოყოფენ ორ ძირითად, ფუნდამენტურ სისტემურ პროცესს – კონფლიქტსა და თანამშრომლობას, რომლებიც ფაქტობრივად განსაზღვრავენ სისტემის ხასიათს, ხოლო სახელმწიფოების ქმედება თითქოს რეაგირებაა ამ „წინასწარ მოცემულ“ პროცესებზე. აღნიშნული პროცესებისა და, საერთოდ, ს.ს-ის სათანადო რეგულირების მიზნით იქმნება საერთაშორისო ორგანიზაციები, მუშავდება საერთაშორისო სამართლის ნორმები და ა.შ. სტრუქტურის მიხედვით გამოყოფენ ს.ს-ის სხვადასხვა ტიპს. ძირითად კრიტერიუმად მიჩნეულია ძალოვანი დამოკიდებულება სახელმწიფოებს შორის. ამ თვალსაზრისით კ. ჰოლსტი ს.ს-ის ხუთ ტიპს გამოყოფს. (იერარქიული, დიფუზური, დიფუზიურ-ბლოკური, ერთპოლუსიანი, მრავალპოლუსიანი), მ. კაპლანი კი – ექვსს (იერარქიული, რბილი ბიპოლარული, ხისტი ბიპოლარული, უნივერსალური, ძალთა წონასწორობისა, ერთეული ვეტოს); მკვლევართა უმრავლესობის აზრით, პრაქტიკაში არსებითად თავს იჩენს მხოლოდ ორი ტიპი: 1) რბილი ბიპოლარული (ორ პოლუსად დაყოფილი მსოფლიო, სადაც ქვეყნების გარკვეული ჯგუფი შეიძლება შედარებით დამოუკიდებელი იყოს და არც ერთ პოლუსს არ მიეკუთვნებოდეს) და 2) ძალთა წონასწორობისა, სადაც რამდენიმე პოლუსს შორის ძალთა გადანაწილება განაპირობებს სტაბილურობასა და ამის შესაბამისად სისტემის მდგრადობას. სოციალისტური სისტემის ნგრევისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო რბილი ბიპოლარული სისტემიდან გადაიქცა დიფუზურ, ანუ მრავალპოლუსიან სისტემად. თუმცა ერთადერთ სუპერსახელმწიფოდ აშშ-ის დარჩენის გამო ზოგიერთი მკვლევარი თანამედროვე სისტემას უნიპოლარულს (ერთპოლუსიანს) უწოდებს და ვარაუდობს მის გადაქცევას იერარქიულ (აშშ-ზე დამოკიდებულ) სისტემად. უფრო ოპტიმისტური პროგნოზით – მსოფლიოს მომავალია უნივერსალური სისტემა, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო მორალი საერთაშორისო სისტემის რეგულირებისა და მდგრადობის განმსაზღვრელი ფაქტორები იქნება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……