საერთაშორისო ტერორიზმი

საერთაშორისო ტერორიზმი

E. International terrorism

ს.ტ-ის აქტები გულისხმობს: პოლიტიკური მიზნებით განხორციელებულ (როგორც ომის, ისე მშვიდობის დროს) სისასტიკეს, უაზრო მკვლელობებს, მძევლად აყვანას, თვითმფრინავების ხელში ჩაგდებას, გამოძალვას, ადამიანთა წამებას, ან წამების მუქარას და სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია: 1. ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, ან მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ; 2. უცხო ქვეყნის ნებისმიერი წარმომადგენლის მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის უცხო ქვეყნის წარმომადგენელია; საერთაშორისო ტერორიზმად ითვლება აგრეთვე შემთხვევა, როდესაც დასახელებულ ქმედებებს ჩადის პირი იმ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას, რომელიც მის გადაცემას მოითხოვს.

See also: ტერორიზმი

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. International terrorism

საერთაშორისო ხასიათის დანაშაული. ტერორიზმის ნაირსახეობა – გამოიხატება ცალკეული პირებისა და ორგანიზაციების მოქმედებით ან მოქმედების მუქარით, რომელიც მიმართულია გარკვეული მიზნების (უმეტესად პოლიტიკური, რელიგიური, იდეოლოგიური და სხვა) მისაღწევად ძალადობის, ტერორისტული აქტების საჯაროდ განხორციელების გზით, მოსახლეობის ან ხელისუფლების დაშინების მიზნით და მასზე პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის მოსახდენად. სტ არის საერთაშორისო მასშტაბის საზოგადოებრივად საშიში ქმედებების ერთობლიობა, რომელიც იწვევს ადამიანთა მსხვერპლს, დიპლომატიური სამსახურებისა და მათი პერსონალის ნორმალური საქმიანობის მოშლას, აბრკოლებს საერთაშორისო უერთიერთთანამშრომლობას. სტ-ის დამახასიათებელი ნიშანია სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეების ტერორისტულ ჯგუფებში (ორგანიზაციებში) გაერთიანება, ერთი სახელმწიფოს მოქალაქის მიერ მეორე სახელმწიფოში ტერორისტული აქტის ჩადენა ან ინდივიდისა თუ ტერორისტული ჯგუფის ქმედება საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის ან დიპლომატიური წარმომადგენლობისა და დიპლომატიური აგენტების, უცხო სახელმწიფოთა ოფიციალურ წარმომადგენელთა (სახელმწიფო მეთაური, მთავრობის მეთაური, პარლამენტის წევრები, მინისტრები და სხვ). საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი პერსონალის წინააღმდეგ. სტ-ის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მიღებულია როგორც უნივერსალური ნორმები (იხ. საყოველთაო საერთაშორისო სამართალი): ისე რეგიონალური ნორმები (იხ. რეგიონალური საერთაშორისო სამართალი) 1937 წელს ერთა ლიგამ შეიმუშავა სპეციალური კონვენცია ტერორიზმის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ (რომელიც ძალაში არ შევიდა); 1963 წლის ტოკიოს კონვენცია თვითმფრინავში განხორციელებული დანაშაულისა და ზოგიერთი სხვა აქტის შესახებ; კონვენცია (1973 წლის) იმ პირთა, მათ შორის დიპლომატიური აგენტების, წინააღმდეგ დანაშაულობათა თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ, რომლებიც საერთაშორისო დაცვით სარგებლობენ; ჰააგის 1970 წლის კონვენცია საჰაერო ხომალდების გატაცების შესახებ; მონრეალის 1971 წლის კონვენცია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ; ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 1976 წელს მიღებული ევროპული კონვენცია ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ; გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული 39/159 რეზოლუცია ,,სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკის დაუშვებლობისა და სახელმწიფოთა მიერ ნებისმიერი სახის მოქმედების დაუშვებლობის შესახებ, რომლებიც მიმართულია სხვა სუვენერულ სახელმწიფოებში საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის წინააღმდეგ“; 1977 წლის ევროპის კონვენცია ტერპროზმის აღმოფხვრის შესახებ; ნიუ-იორკის 1979 წლის საერთაშორისო კონვენცია მძევალთა აყვანის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ; ვენის 1980 წლის კონვენცია ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის შესახებ; 1971 წლის კონვენციის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული აქტების შესახებ მონრეალის 1988 წლის დამატებითი ოქმი აეროპორტებში უკანონო ძალადობის აქტებთან ბრძოლის შესახებ; რომის 1988 წლის კონვენცია საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების წინააღმდეგ უაკნონო აქტებთან ბრძოლის შესახებ; რომის 1988 წლის ოქმი კონტინენტურ შელფზე სტაციონალური პლატფორმების უსფართხოების წინააღმდეგ უკანონო ძალადობასთან ბრძოლის შესახებ სტ-თან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოთა შორის ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება. მაგალითად: 1971 წელს ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის მიერ მიღებულ იქნა რეგიონალური კონვენცია ტერორისტული აქტების და მათთან დაკავშირებული გამოძალვის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ, როდესაც ეს აქტები საერთაშორისო ხასიასთს ატარებენ; 1986 წლის ტოკიოს შეთანხმება სტ-ის შესახებ; 1989 წლის ეუთოს ვენის შეხვედრის დასკვნითი დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია ტერორიზმთან ბრძოლის ზომები. ასეთი მიდგომა სტ-სადმი ბატონობდა საერთაშორისო სამართლის თეორიასა და პრაქტიკაში 2001 წლის 11 სექტემბრამდე, როდესაც მიწასთან გასწორდა ნიუ-იორკის სიმბოლო – ,,ტყუპი“ ცათამბჯენი (ვაჭრობის მსოფლიო ცენტრი) და განადგურდა ვაშინგტონში მდებარე თავდაცვის უწყების – პენტაგონის შენობის ნაწილი აშშ-ის საჰაერო სივრცეში თვითმკვლელი საერთაშორისო ტერორისტების ჯგუფების მიერ გატაცებული თვითმფრინავების დაჯახების შედეგად, რასაც 4000-მდე მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იმთავითვე დადგენილ იქნა, რომ არაბეთის ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი ეს ჯგუფები ექვემდებარებოდნენ ავღანეთში თავშეფარებულ საუდის არაბეთის მოქალაქეს – ოსამა ბინ ლადენს და მიეკუთვნებოდნენ მის მიერ შექმნილ ტერორისტულ ქსელს – ,,ალ-ქაედას“. ბინ ლადენი იძებნებოდა ნაირობისა (კენია) და დარ-ეს სალამში (ტარზანია) 1998 წლის 7 აგვისტოს აშშ-ის საელჩოების აფეთქების მოწყობის გამო, რასაც რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რის შემდეგაც მას განიხილავენ როგორც ნომერ 1 ტერორისტს 11 სექტემბრის შემდეგ საერთაშორისო სამართლის თეორია და პრაქტიკა მკვეთრად ცვლის პოზიციას და ერთხმად აღიარებს სტ-ს დანაშაულად ადამიანურობის წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირები, რომლებიც ეჭვმიტანილ იქნებიან ასეთი აქტების მოწყობა-ჩადებაში, წარდგებიან საერთაშორისო იურისდიქციის მქონე სასამართლოს წინაშე (იხ. სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო). უფრო მეტიც, ის სახელმწიფო, რომელიც თავშესაფარს აძლევს საერთაშოსრისო ტერორისტებს, მათ ლიდერებს, აძლევს უფლებას, იქონიონ იქ სასწავლო ბაზები და სხვა ინფრასტრუქტურა, შეიძლება გახდეს სამხედრო ოპერაციების ობიექტი დაზარალებული სახელმწიფოსა და მისი მოკავშირეების მხრიდან, ასე მაგ., 2001 წლის ოქტომბერ-დეკემბერში აშშ-ისა და ანტიტერორისტულ ალიანსში შემავალი მრავალი სხვა სახლემწიფოს ძალისხმევით განადგურებულ იქნა არა მარტო ტერორისტთა ბანაკები, შეიარაღებული ნაწილები, არამედ ავღანეთის უკანონო რეჟიმის – ტალიბების შეიარაღებული ძალებიც, რასაც ქვეყანაში დემოკრატიული ხელისუფლების დამყარება მოჰყვა. სტ-ის აქტი, რომელსაც მოჰყვება უდანაშაულო ადამიანების მასობრივი გნადგურება და უმძიმესი მატერიალური ზარალი, დღეს განიხილება როგორც ქმედება, რომელიც ხელყოფს საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას (იხ. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1373 (2001)) და შეადგენს ჩადენილ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ.

See also: ნიუ–იორკის საერთაშორისო კონვენცია მძევალთა აყვანასთან ბრძოლის შესახებ (1979 წელი)

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

საერთაშორისო ხასიათითის დანაშაულის ნაირსახეობა. გამოიხატება ცალკეული პირებისა და ორგანიზაციების მოქმედებით ან მოქმედების მუქარით, რომელიც მიმართულია გარკვეული მიზნების (უმეტესად პოლიტიკური, რელიგიური, იდეოლოგიური და სხვ.) მისაღწევად ძალადობის, ტერორისტული აქტების საჯაროდ განხორციელებით, მოსახლეობის ან ხელისუფლების დაშინებით და მასზე პირდაპირი ან ირიბი ზეწოლით. ს.ტ. არის საერთაშორისო მასშტაბის საზოგადოებრივად საშიში ქმედებების ერთობლიობა, რომელიც იწვევს ადამიანთა მსხვერპლს, დიპლომატიური სამსახურებისა და მათი პერსონალის ნორმალური საქმიანობის მოშლას, აბრკოლებს საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობას. ს.ტ-ისათვის დამახასიათებელი ნიშანია სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეების ტერორისტულ ჯგუფებში (ორგანიზაციებში) გაერთიანება, ერთი სახელმწიფოს მოქალაქის მიერ მეორე სახელმწიფოში ტერორისტული აქტის ჩადენა, ინდივიდის ან ტერორისტული ჯგუფის ქმედება საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის ან დიპლომატიური წარმომადგენლებისა და დიპლომატიური აგენტების, აგრეთვე უცხო სახელმწიფოთა ოფიციალურ წარმომადგენელთა (სახელმწიფო მეთაური, მთავრობის მეთაური, პარლამენტის წევრები, მინისტრები და სხვ.), საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი პერსონალის წინააღმდეგ. ს.ტ-ის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მიღებულია როგორც უნივერსალური, ისე რეგიონალური საერთაშორისო სამართლებრივი აქტები. მნიშვნელოვან როლს თამაშობს, აგრეთვე, სახელმწიფოთა შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ საერთაშორისო სამართლის თეორია და პრაქტიკა მკვეთრად იცვლის პოზიციას და ერთხმად აღიარებს ს.ტ-ს როგორც ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი აქტების მოწყობა-ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები წარდგებიან საერთაშორისო იურისდიქციის მქონე სასამართლოს წინაშე, ხოლო ის სახელმწიფო, რომელიც თავშესაფარს აძლევს საერთაშორისო ტერორისტებს, მათ ლიდერებს და აძლევს უფლებას იქონიონ იქ სასწავლო ბაზები და სხვა ინფრასტრუქტურა, შეიძლება გახდეს სამხედრო ოპერაციების ობიექტი დაზარალებული სახელმწიფოსა და მისი მოკავშირეების მხრიდან.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……