საზოგადოებრივი აზრი

საზოგადოებრივი აზრი

ქვეყნის მოსახლეობის, დიდი სოციალ-დემოგრაფიული ჯგუფების დამოკიდებულება საზოგადობრივი ცხოვრების პრობლემებისადმი, გამოხატული მსჯელობებში, შეფასებებში, ემოციებში, განწყობებსა და სხვ. ს.ა. ხასიათდება გარკვეული იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური მიმართულებით, აქტივობით, მდგრადობით. იგი გამოდის ექსპრესიული, მაკონტროლებელი და დირექტიული ფუნქციებით – იკავებს გარკვეულ პოზიციას, იძლევა რჩევას, გამოაქვს გადაწყვეტილება ამა თუ იმ საზოგადოებრივ საკითხებზე, არეგულირებს ინდივიდების, ერთობების, სოციალური დაწესებულებების მოქმედებას, მხარს უჭერს ან უკუაგდებს ამა თუ იმ წარმოდგენებს, ღირებულებებს, ნორმებს. ს.ა-ის მხედველობის არეში, ჩვეულებრივ, ხვდება სინამდვილის მხოლოდ ის მოვლენები და ფაქტები, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს იწვევენ. ს.ა. შეიძლება ჩამოყალიბდეს სტიქიურად, თუმცა თანამედროვე საზოგადოებების პირობებში იგი განიცდის განსაზღვრულ ზეგავლენას მრავალრიცხოვანი სოციალური ინსტიტუტების მხრიდან. ამიტომ, სხვადასხვა კონკრეტულ სიტუაციებში იგი რეალობასთან ადეკვატურობის სხვადასხვა ხარისხს ავლენს. იგი შეიძლება შეიცავდეს როგორც მართებულ, რეალისტურ, ისე მცდარ, ილოზორულ წარმოდგენებს სინამდვილეზე (ჰაბერმასი, პოპერი).

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. public opinion

სხვადასხვა ფაქტის, პროცესის, მოვლენისა თუ პრობლემის შესახებ ადამიანთა ჯგუფის განსჯა, მათი დამოკიდებულება და შეფასება. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და განვითარება ან მიზანმიმართულად, მასობრივ შეგნებაზე პოლიტიკური ინსტიტუტებისა და სოციალური ორგანიზაციების ზემოქმედებით ხდება, ანდა სტიქიურად – ცხოვრებისეულ გარემოებათა, კონკრეტული გამოცდილებისა და ტრადიციების უშუალო გავლენის შედეგად. კონკრეტულ სიტუაციებში საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა დონითაა რეალურ ვითარებასთან ადეკვატური; ის შეიძლება შეიცავდეს როგორც მართებულ, რეალისტურ, ისე მცდარ წარმოდგენებს. საზოგადოებრივი აზრის, როგორც ინსტიტუტის, განვითარება ძალზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოებრივი ცნობიერების, კულტურის, საზოგადოების მიერ დემოკრატიულ ფასეულობათა გათავისების დონეზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის შესწავლისას თანამედროვე, აღიარებული მეთოდების სრულყოფილი გამოყენება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. საზოგადოებრივი აზრი – (ფსიქოლოგია) გარკვეული მსჯელობების, იდეებისა და წარმოდგენების ფორმით გამოხატული, სოციალური ჯგუფების დამოკიდებულება  სოციალური ცხოვრების მოვლენებისა და პრობლემებისადმი, რომლებიც ეხება საერთო ინტერესებს. საზოგადოებრივი აზრი წარმოიქმნება, როგორც შემეცნების პროდუქტი, მომწიფებული და გადასაჭრელი სოციალური პრობლემებისა და ვლინდება განსახილველი საკითხის შესახებ სხვადასხვა შეხედულებებისა და პოზიციების შეპირისპირებაში, ზოგჯერ  – შეჯახებაში, ან  მოწონებაში, მხარდაჭერაში, ან პირიქით, ადამიანთა ამა თუ იმ ქმედებების, ქცევების უარყოფაში, გაკიცხვაში. საზოგადოებრივი აზრის სუბიექტს წარმოადგენს დიდი სოციალური ჯგუფები –  კლასები, ერები, ხალხები.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან
www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……