საკუთრების უფლების დაცვა

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

საკუთრების  უფლების  დაცვის  აღიარებული  სანივთო–სამართლებრივი  საშუალებები  სავინდიკაციო  და  ნეგატორული  სარჩელებია.

ვინდიკაციას  მაშინ  მიმართავენ,  როდესაც  მესაკუთრეს  წართმეული  აქვს  ნივთზე  მფლობელობა,  როგორც  იტყვიან  ხოლმე  ვინდიკაცია  ესაა  სხვისი  უკანონო  მფლობელობიდან  ნივთის  გამოთხოვა  მესაკუთრის  მიერ.  ვინდიკაციის  ვითარებაში  მესაკუთრეს  შერჩენილი  აქვს  მხოლოდ  ნივთზე  საკუთრების  უფლება,  რომელიც  თავისთავად  არამატერიალური  უფლებაა  და  ვის  ხელშიც  არ  უნდა  იყოს  საკუთრების  ობიექტი,  მესაკუთრეს  ეს  უფლება  არ  წაერთმევა.  ვინდიცირების  წესი  დამოკიდებულია  იმაზე,  თუ  რა  გზითაა  მესაკუთრის  ხელიდან  საკუთრების  ობიექტი  გამოსული.  როდესაც  მესაკუთრის  ნების  გარეშე  გამოდის  ქონება  მისი  ხელიდან  ,  ვის  ხელშიც  არ  უნდა  აღმოჩნდეს  ეს  ქონება,  მისგან  ნივთის  გამოთხოვა  გარდაუვალია.  ხოლო  როდესაც  მესაკუთრის  ხელიდან  ნივთი  გამოდის  მისი  ნებით,  ამ  შემთხვევაში,  თუ  ვთქვათ  დამქირავებელი  ნივთს  გადასცემს  სასყიდლით  კეთილსინდისიერ  მფლობელს,  მაშინ  კონფლიქტი  კეთილსინდისიერი  შემძენის  სასარგებლოდ  გადაწყდება.  მესაკუთრეს  შეუძლია  მოითხოვოს  მხოლოდ  ფულადი  კონპენსაცია  და  ამით  დაკმაყოფილდეს.  იმ  შემთხვევაში,  თუ  დამქირავებელი  ნივთს  გადასცემს  უსასყიდლოდ  პირს,  მაშინ  მესაკუთრეს  აქვს  უფლება  ნივთის  გამოთხოვისა.  კეთილსინდისიერ  შემძენთა  უფლებების  დაცვა  მთლიანად  ისეთ  გარემოებებზე  ხდება  დამოკიდებული,  რაც  მათთვის  უცნობია.  ამდენად,  ფაქტის  შემთხვევითობაზეა  დამოკიდებული  ნივთი  დარჩება  თუ  არა.  თუ  გვყავს  ორი  კეთილსინდისიერი  შემძენი,  რომლებიც  ბაზრობაზე  ყიდულობენ  რაიმე  ნივთებს,მას    ვინც  ნივთს  შემთხვევით  მპოვნელისგან  ან  ქურდისგან  იყიდის  –  ნივთი  ჩამოერთმევა,  ხოლო  რომელიც  შემთხვევით  მონათხოვრის  ან  დამქირავებლისგან  შეიძენბს  –  ნივთი  დარჩება.  აღსანიშნავია,  რომ  ვინდიკაციის  უფლება  მანამაა,  სანამ  ნივთი  სახეზეა  და  არ  განადგურებულა.

საკუთრების  დაცვის  მეორე  გავრცელებული  საშუალებაა  ნეგატორული  სარჩელი.  აქ  ისეთ  მდგომარეობა  გვაქვს,  როდესაც  საკუთრების  ხელყოფა  ან  სხვაგვარი  ხელშეშლა  ხდება  ნივთის  ამოღების  ან  მისი  ჩამორთმევის  გარეშე.  ასეთ  ვითარებაში  მესაკუთრეს  შეუძლია  ხელშემშლელს  მოსთხოვოს  მართლსაწინააღმდეგო  მოქმედების  აღკვეთა.  თუ  ეს  შედეგს  ვერ  გამოიღებს,  მაშინ  მან  შეიძლება  მიმართოს  სასამართლოს  ხელშეშლის  აღსაკვეთად.  ამრიგად,  როცა  საკუთრების  უფლება  ირღვევა  საკუთრების  ობიექტის  ჩამორთმევის  გარეშე,  მის  აღსაკვეთად  გამოიყენება  ნეგატორული  სარჩელი.

ახლა  თქვენ  უკვე  იცით  როგორ  ხდება  საკუთრების  უფლების  დაცვა