სამართლებრივი დახმარება

სამართლებრივი დახმარება

E. Legal assistance

სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეთა წარმოებისას გაწეული დახმარება, რომელსაც სახელმწიფოთა იუსტიციის ორგანოები (სასამართლო, სანოტარო ორგანოები, პროკურატურა) ახორციელებენ, სახელმწიფოთა შორის დადებული სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე. სდ-ის ხელშეკრულებათა მიზანია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების უერთიერთაღიარება და დაცვა. ეს ხელშეკრულებები არეგულირებენ: იუსტიციის დაწესებულებათა თანამშრომლობის საკითხებს, სამართლებრივ დაცვას სასამართლოთა კომპეტენციის განსაზღვრისას, გამოსაყენებელი სამართლის საკითხებს, უცხოელთა პროცესუალურ მდგომარეობას, სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღიარებასა და აღსრულებას სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეთა შესახებ, სათანადო დოკუმენტების აღიარებასა და გადაგზავნას, დამნაშავეთა ექტრადიციის საკითხებს და სხვ. სდ-ის ხელშეკრულებით, მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისეთივე პირადი და ქონებრივი უფლებები აქვთ, როგორიც თვით ამ მეორე სახელმწიფოს მოქალაქეებს – მიმართონ ამ სხვა სახელმწიფოს პროკურატურის, სანოტარო, სასამართლო ორგანოებს; ისარგებლონ ისეთივე პროცესულაური უფლებებით, როგორითაც ამ სახელმწიფოს მოქალაქეები სარგებლობენ, მაგალითად, სასამართლოში სარჩელის წარდენის უფლებით. სდ-ის ხელშეკრულებით დგინდება, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის ორგანოები – თავიანთი ცენტრალური ორგანოების მეშვეობით, თუ დიპლომატიური წესით. ყველა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეები აღიარებენ ხელშეკრულებას მონაწილე მხარის სასამართლოთა დადგენილებებს და ვალდებულებას იღებენ, აღასრულონ სახელმწიფო დაწესებულებათა სამართლებრივი ხასიათის დავალებები, როგორებიცაა: დოკუმენტების შედგენა, გადაგზავნა, ჩხრეკა, ამოღება, ნივთმტკიცებათა გადაგზავნა, ბრალდებულთა, ეჭვმიტანილთა, მოწმეთა და ექსპერტთა დაკითხვა და სხვ. იუსტიციის ორგანოები, რომლებსაც სდ-ისთვის მიმართავენ, მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად \nსდ-ის ხელშეკრულებათა უმრავლესობაში შეტანილია სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებათა ურთიერთაღიარების მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორიც იმ სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლის მოქალაქეც მოსარჩელე ან მსჯავრდებულია. ხელშეკრულებაში ხშირად მითითებულია, რომ ერთი ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება იძულებითი წესითაც იქნეს აღსრულებული სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. დაუშვებლად არის მიჩნეული სხვა სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებების არსებითი გადასინჯვა იმ სახელმწიფოს სასამართლოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს აღსრულებული. სდ-ის სამართლებრივი დახმარების შესახებ კონცეფციას ითვალისწინებს საქართველოს კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ (01.10.98). სდ-ის ნორმები გამოიყენება საქმის გარემოებების გამოსარკვევად, ფაქტების დასადგენად, დოკუმენტების გადასაცემად ან იმ შემთხვევაში, თუ სხვა მიზნით აიცილებელია სასამართლო მოქმედებების განხორციელება ერთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ შემთხვევაში აღიძრება შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სათანადო დაწესებულებების მიმართ. თუ მოქმედება ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური მისიის ან საკონსულო წარმომადგენლობის მეშვეობით, მაშინ შუამდგომლობა უნდა აღიძრას მათ მიმართ. საქართველოს სასამართლოები აკმაყოფილებენ უცხო ქვეყნის სასამართლოების შუამდგომლობას სდ-ის შესახებ. უცხო ქვეყნის სასამართლოების შუამდგომლობა სდ-ისათვის ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების შესახებ საქართველოში ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, შუამდგომლობის აღმძვრელი სასამართლოს თხოვნით, საპროცესო მოქმედების შესრულებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო ქვეყნის სამართლის საპროცესო ნორმები თუ ისინი საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, თუ შუამდგომლობა სდ-ის შესახებ ქართულ ენაზე არ არის შედგენილი, ან მას არ ერთვის დამოწმებული ქართული თარგმანი, მისი დაკმაყოფილება დამოკიდებული იქნება იმაზე, გაიღებს თუ არა დაინტერსებული მხარე შესაბამის ავანსს ქართულ ენაზე თარგმანის შესასრულებლად და დასამოწმებლად. შუამდგომლობა სდ-ისათვის დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა მოიცავდეს მისი შესრულებისათვის საჭირო მონაცემებს სდ ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოში არ გაიწევა, თუ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, ან შუამდგომლობით გათვალისწინებული მოქმედება არ განეკუთვნება საქართველოს სასამართლოების კომპეტენციას. საქართველოს სდ-ის ხელშეკრულებები დადებული აქვს უკრაინასთან (1995), აზერბაიჯანთან, თურქეთთან, რუსეთთან, უზბეკეთთან და ყაზახეთთან (1996), აგრეთვე მონაწილეობს დსთ-ის (იხ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) კონვენციაში სდ-ის შესახებ.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……