სამართლის სოციოლოგია

სამართლის სოციოლოგია

1. სოციოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის სამართლის აღმოცენების (გენეზისის) განვითარებისა და მოქმედების სოციალურ პირობებს საზოგადოებაში. 2. მეცნიერების მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს მართლწესრიგის საფუძვლების სოციალური ცვლილებების შესწავლას, რაც მიმდინარეობს სამართლის ზემოქმედებით საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულირების სრულყოფის მიზნით. სამართლის სისტემის, საზოგადოების ცხოვრებაში მისი როლის კვლევისადმი სოციოლოგიური მიდგომის შემუშავებასა და განხორციელებაში არსებითი წვლილი შეიტანეს კ. მარქსმა, ე. დიურკემმა, ვ. პარეტომ, მ. ვებერმა. ს. ს. როგორც ცოდნის თავისთავადი დარგი ჩამოყალიბდა მხოლოდ XX ს–ის შუახანებში, თვით ტერმინიც (თავისთავადი მეცნიერული დისციპლინის აღსანიშნავად) მეცნიერებაში შემოტანილ იქნა 1962 წ. V მსოფლიო სოციოლოგიურ კონგრესზე. ს. ს–ის კვლევის ობიექტია საზოგადოებაში არსებული სამართლის სისტემა, მისი ფორმირების, განვითარებისა და ფუნქციონირების მექანიზმები. ს. ს. შეისწავლის სამართლის როგორც საზოგადოების ფუნქციონირების სპეციფიკური სფეროს აღმოცენების სოციოლოგიურ პირობებს, ასევე სამართლის მოქმედებისა და განვითარების სოციალურ მექანიზმებსა და ფაქტორებს საზოგადოების სოციალური სტრუქტურის დინამიკასთან მიმართებაში, საზოგადოებაში გაბატონებულ სოციალურ ურთიერთობებთან და სოციალურ–კულტურულ ნორმებთან ორგანულ ურთიერთკავშირში. ერთ–ერთი ძირითადი ამოცანაა სამართლის სოციალური განპირობებულობის კვლევა. დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალური ფაქტორების გამოვლენას სამართალშემოქმედებით მოღვაწეობაში. ს. ს. (იურიდიული სოციოლოგია) ცოდნის დარგია, რომელიც მზარდ ზეგავლენას ახდენს იურიდიულ მეცნიერებათა მთელ კომპლექსზე. იგი ფართოდ იყენებს ზოგადი სოციოლოგიის კვლევით არსენალს, დისციპლინათაშორისი მიდგომის გამოყენებით შეისწავლის სამართალს ფილოსოფიის, სოციალური ფილოსოფიის, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის, სტატისტიკის, მათემატიკის მიღწევებზე დაყრდნობით. სისტემური და ფუნქციური მეთოდების გამოყენებით ფართო მასშტაბით შეისწავლის ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიცაა ნორმათა ზემოქმედება, კანონმდებლობის ეფექტურობა, მართლმსაჯულების არაფორმალური მექანიზმები, მოსახლეობის აზრი სამართლისა და კანონმდებლობის შესახებ, მართლშგნების ფორმირების პრობლემები, სამართლებრივი სოციალიზაცია და ა. შ. XIX ს–ში გაბატონებული იურიდიული პრიმიტივიზმისაგან განსხვავებით ს. ს., ფართო გაგებით, სწავლობს სამართლებრივი აქტებისა და ცალკეული ნორმების რეალურ მოქმედებას მთელი სოციალური რეგულაციის ფონზე და მასთან შერწყმით, ჩვევების, მორალის, ჯგუფური ღირებულებების, ორიენტაციებისა და სხვ. ჩათვლით. ს. ს–ში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანონიერებისა და ცალკეული ნორმების ეფექტურობის შესწავლას, იგი აანალიზებს სამართლის ძირითად ფუნქციებს – მარეგულირებელს, აღმზრდელობითს, პროგნოზისტულს, აგრეთვე საზოგადოებრივ აზრს სამართლისა და მართლმსაჯულების შესახებ, იურიდიული პროფესიების პრესტიჟსა და სხვ. ს. ს–ში არსებობს ორი ურთიერთსაპირისპირო მიმდინარეობა: ნომინალისტური (ა. იაკოვლევი) და რეალისტური (ე. დიურკემი, მ. ვებერი).

See also: დანაშაულის სოციოლოგია, იურიდიული სოციოლოგია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……