სამხედრო–სამოქალაქო ურთიერთობები

სამხედრო–სამოქალაქო ურთიერთობები

ს. ჰანტინგტონის განმარტების თანახმად, სამხედრო უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუციონალური დონე, ანუ მანერა – რომლითაც ეს პოლიტიკა ფორმულირდება და ხორციელდება. ს.–ს. უ.–ის არსი და დანიშნულებაა სამხედრო ხასიათის გარეშე საფრთხეების იმგვარი განსაზღვრა და მათზე რეაგირების ისეთი გზების მოძიება, რომელიც უსაფრთხოების მაქსიმალიზაციას მოახდენს სხვა საზოგადოებრივი ღირებულებების მინიმალური მსხვერპლშეწირვით. ამ მიზნის მიღწევა გულისხმობს ძალაუფლებისა და შეხედულებების ბალანსს სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფებს შორის. ამასთან, ს.–ს. უ. არ მოქმედებს მხოლოდ ტრადიციულად სამხედრო ხასიათის, საგარეო ძალთაგან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირების პროცესში. სხვაგვარად, თანამედროვე ეტაპზე იგი მხოლოდ შედარებით მეორეხარისხოვანი ნაწილი იქნებოდა ეროვნული უსაფრთხოების კომპლექსისა. სამხედრონი სულ უფრო ინტენსიურად ხდებიან არატრადიციული საქმით დაკავებულნი და უსაფრთხოების ნებისმიერი ასპექტი მათი ყურადღებისა და საქმიანობის სფეროც ხდება. არმიისათვის შედარებით უჩვეულო პოლიციური ნიშნების მქონე მასები მხოლოდ განვითარებადი სამყაროსათვის არაა აქტუალური. განვითარებულ ქვეყნებშიც თანამედროვე სამხედროებს მშვიდობიან პერიოდშიც ბევრი საქმე უჩნდებათ და მათთვის განსხვავება ომსა და მშვიდობას შორის იშლება. სამხედრო ძალების ქმედებებში იზრდება ანტიტერორისტული და ანტიპარტიზანული მოქმედებების, სამოქალაქო მოსახლეობისათვის დახმარების, სამხედრო დიპლომატიის ადგილი. როგორც წესი, შეიარაღებული ძალები ფლობენ ისეთ ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მატერიალურ ძლიერებას, რომელიც მათ შეუცვლელს ხდის ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის დროს. მაგრამ სამხედროთა მზარდ როლში იმალება მუდმივი და თავისთავად მზარდი პრობლემა: როგორ უნდა ხდებოდეს სამხედროთა როლის შეზღუდვა ხელისუფლებისა და ხალხის მსახურის ფუნქციით. სწორედ ესაა ს.–ს. უ–ის საკვანძო საკითხი. დემოკრატიის იმპერატივია სამხედროების პოლიტიკისაგან, პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღებისაგან განზე გადადგომა, მაგრამ ახალი როლებიდან თუ სოციალურ–პოლიტიკური მოვლენების ბუნებიდან გამომდინარე, სამხედროს არ შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტური პოლიტიკური იმუნიტეტი. საქმე იმ ბალანსის პოვნაა, რომლის დროსაც სამხედროთა ჯგუფური ინტერესები პოლიტიკურ ჩარჩოებში და დემოკრატიული თამაშის წესების ფარგლებში იქნება მოქცეული. ს.–ს. უ–ის პრობლემა სამხედროთა ინტერესების დაცვის ფორმებისა და მექანიზმების, სამოქალაქო ინტერესებთან, დემოკრატიასთან და სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობაა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……