საქველმოქმედო საქმიანობა

საქველმოქმედო საქმიანობა – საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება: ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის: ა.ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას ან ადაპტაციას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალ–დაკარგულებისათვის, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის, ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომის, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის; ა.ბ) ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის; ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის; ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის; ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების მიზნით: ა.ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის – მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით; ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას; ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება. ქველმოქმედებას არ განეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა: ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ; ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად; გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ მისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის; დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით ითვლება სპონსორობად.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 14. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……