საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო

საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა, რომელშიაც სოციალური პოლიტიკა მთავრობის პრიორიტეტული მოღვაწეობის სფერო ხდება და სახელმწიფო თავის თავზე იღებს ყველა თავისი მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვას (პენსიებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური დაზღვევით და ა. შ. უზრუნველყოფას). ს.კ.ს–ს დოქტრინა პირველად დიდ ბრიტანეთში შემუშავდა, როდესაც ცალკეულ თეორიულ გააზრებებს პოლიტიკური გამოხატულება მისცა 1942 წელს ბევერიჯის მოხსენებამ პარლამენტში, სადაც წარმოდგენილი იყო ასეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონკრეტული პროგრამა. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და ომის შემდგომაც შემუშავდა პროგრამის რეალიზაციისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა. კერძოდ, შემოღებულ იქნა სავალდებულო საშუალო განათლება, სახელმწიფო დაზღვევისა და სახელმწიფო სამედიცინო სამსახურის შექმნის, აგრეთვე სახელმწიფო ბინათმშენებლობისა და ამ სფეროში მოსახლეობის სახელმწიფო დახმარების კანონები. ამგვარი პოლიტიკა გულისხმობდა სახელმწიფოსა და პიროვნების ურთიერთობის ახლებურ გააზრებას საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ახალ ვითარებებში სახელმწიფო თავის თავზე იღებდა პასუხისმგებლობას, საკუთარი მოქალაქეების უმრავლესობისათვის გადაეწყვიტა არსებული პოლიტიკური სისტემის პირობებში შექმნილი პრობლემები.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……