სახელმწიფოცენტრიზმი

სახელმწიფოცენტრიზმი

სახელმწიფოცენტრული მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც სახელმწიფოებს განიხილავს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დომინანტ და განმსაზღვრელ აქტორებს. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკური რეალიზმის თეორიასთან და საერთაშორისო ურთიერთობების შინაარსად მიიჩნევს სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სახელმწიფოები სრულიად ავტონომიურნი არიან ქმედებაში. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფოზე მაღლა მდგომი სახელისუფლებო სუბიექტი. ხოლო ცენტრალური ბირთვის უქონლობა განაპირობებს საერთაშორისო სისტემის ანარქიულობას. სახელმწიფოს ინტერესები არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს აქტორების ქცევას საერთაშორისო არენაზე და, ამდენად, საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათს. ს. ერთმნიშვნელოვნად აღიარებს სახელმწიფოს სრულ დომინირებას როგორც საგარეო (მიიჩნევს მას უნიტარულ აქტორად), ისე საშინაო პოლიტიკაში (სახელმწიფოს კონტროლს უნდა ემორჩილებოდეს ეკონომიკური და სოციალურ–კულტურული ცხოვრებაც). ამის გარდა, მოსახლეობისაგან მოითხოვს მორჩილებასა და თავდადებას. ს–ის უკიდურესი ფორმაა ტოტალიტარული მმართველობა, განსაკუთრებით ფაშიზმი. თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ს–ის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა. ზოგი მკვლევრის აზრით, მომავალში სახელმწიფო საერთოდ დაკარგავს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი აქტორის როლს და ადგილს ტრანსნაციონალურ კორპორაციებს და საერთაშორისო (პირველ რიგში არასამთავრობო) ორგანიზაციებს დაუთმობს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……