სახელმწიფო გადატრიალება

სახელმწიფო გადატრიალება

E. Coup d’etat

ორგანიზებული, ხშირად სამხედრო ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედება კანონიერი ხელისუფლების დამხობის, ან მისი არაგეგმური შეცვლის მიზნით და ხელისუფლების გადაცემის არსებული პროცედურების დარღვევით. გადატრიალება შეიძლება იყოს სისხლიანი და პირიქით. ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაში მოსულთ სჩვევიათ მოსახლეობისათვის დამაიმედებელი დაპირებების მიცემა, რომლებიც, როგორც წესი, არ სრულდება. შეთქმულება ხელისუფლების დამხობის მიზნით არ უნდა გავუთანაბროთ მისი განხორციელების რეალურ მცდელობას.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი და არაკანონიერი შეცვლა, რომელიც ხორციელდება სამხედრო, პოლიციური თუ პარამილიტარისტული დაჯგუფებების გამოყენებით. რევოლუციისაგან განსხვავებით (რომელიც შესაძლოა თავად შეიცავდეს ს.გ–ს როგორც ელემენტს), ს. გ–ის შედეგი ერთი მმართველი დაჯგუფების მეორეთი შეცვლაა ერთი და იმავე პოლიტიკური სისტემის ფარგლებში. რიგ შემთხვევებში ს. გ. შეიძლება ნაკარნახები იყოს არაეფექტური მმართველობის პირობებში მოსალოდნელი მასობრივი არეულობებისა და რევოლუციის საწინააღმდეგო პრევენტული ზომების მიღების აუცილებლობით თავად მმართველი წრეებიდან. ს. გ–ის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა ხელისუფლების ცვლილების ლეგიტიმური და ორგანიზებული შცვლის მექანიზმის არსებობა ქვეყანაში. ამგვარი მექანიზმები კარგა ხანია დამკვიდრებულია განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. შესაბამისად, აქ ს. გ–ის მცდელობები ძალზე იშვიათია. სხვა ვითარება გვაქვს იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება არასაკმარისი ლეგიტიმურობით და მოუმწიფებელი პოლიტიკური ინსტიტუტებით, ხოლო მოსახლეობა დაბალი პოლიტიკური კულტურით ხასიათდება. XX ს–ის მეორე ნახევარი განსაკუთრებით „მდიდარი“ იყო ს. გ–ებით სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში. ს. გ–ების პრაქტიკა გვიჩვენებს , რომ ხელისუფლების სათავეში მოსული მილიტარისტული ძალები ვერ წყვეტენ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. პირიქით, ბევრ შემთხვევაში, თავად ისინი დგებიან პრობლემის წინაშე, თუ როგორ დაუთმონ მათთვის სასურველი სამოქალაქო პოლიტიკური ძალებს ასპარეზი ისე, რომ არ გამოიწვიონ საზოგადოებრივი ძალების უკურეაქცია „სახელმწიფო დამნაშავეების“ მიმართ.

See also: გადატრიალება

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. revolution; overturn

Fr. coup d’etat

ლეგიტიმური ხელისუფლების ძალის გამოყენებით დამხობა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა თუ კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მიზნით. გადატრიალებას, რომელშიც გადამწყვეტ როლს სახელმწიფოს ოფიციალური შეიარაღებული ძალები ასრულებს, სამხედრო გადატრიალება ეწოდება. ყველა შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალება არის ანტიკონსტიტუციური ქმედება. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია, რომ არავის არ აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……