სეპარატიზმი

სეპარატიზმი

E. Separatism

სუვერენული სახელმწიფს ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები მცირერიცხოვანი ერის, ეროვნული ან ეთნიკური უმცირესობის მცდელობა – მიაღწიოს ამ სახელმწიფოს ფარგლებში მაქსიმალურ პოლიტიკურ ავტონომიას, ფედერაციაში ცალკე სუბიექტის სტატუსს ან საერთოდ გამოეყოს მას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა გაერთიანებით (იხ. ირედენტიზმი). საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, ს-ის ყოველგვარი მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ სახელმწიფოს მთელი მოსახლეობის ნება-სურვილის გამომჟღავნებით (რეფერენდუმით, პარლამენტის გადაწყვეტილებით). დაუშვებელია სეპარატისტული მოძრაობის მცდელობა, ძალით ჩამოაცილოს არსებულ დმოკრატიულ სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი და ხელყოს ამ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა. შეიარაღებული ძალით ანუ აგრესიული სეპარატიზმის გამოვლენით ე. წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოვლთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს (იხ. ხალხის თანასწორუფლბიანობისა და თვითგამორკვევის უფლება). ამიტომ სახელმ წიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს არც ერთი ძალით გამარჯვებულ დამყარებული რეჟიმის დმოუკიდებლობას.

See also: ეროვნული უმცირესობანი

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ან ფართო ავტონომიური სტატუსის მიღების მიზნით სახელმწიფოს ტერიტორიის გამოყოფის თეორია, პოლიტიკა და პრაქტიკა. ს. სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის პრინციპის დარღვევას იწვევს. იგი შეიძლება იყოს მძაფრი სახელმწიფოთაშორისი და ეროვნებათაშორისი კონფლიქტის მიზეზი. ამასთან, იგი შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანისა და ხალხების, ეროვნული, რასობრივი და რელიგიური ჯგუფების (უმცირესობების) უფლებების დარღვევას. ამ შემთხვევაში ს–მა შეიძლება გარკვეული დადებითი, თუმცა შეზღუდული როლი ითამაშოს (მაგ., კოლონიალიზმის წინააღმდეგ ახალგაზრდა დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შექმნისათვის ბრძოლა.). ს. დღეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც განვითარებული (კანადა, ესპანეთი და სხვ.), ისე განვითარებადი ქვეყნებისათვის (ინდოეთი, პაკისტანი, ერაყი, აფრიკული ქვეყნები და სხვ.). საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთოდ პოლიტიკურ მეცნიერებებში ამ ტერმინით აღინიშნება მოსახლეობის ჯგუფის (როგორც წესი, კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის) სწრაფვა, გამოეყოს, იმ სახელმწიფოს, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ან ახალი სახელმწიფო შექმნას (სეცესია), ან კიდევ სხვა სახელმწიფოს შეუერთდეს (ირედენტიზმი). ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლისგან განსხვავებით, ს. გულისხმობს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული და შეკავშირებული ერთიანი პოლიტიკურ–ეკონომიკური და სოციალურ–კულტურული ორგანიზმის დაშლის მცდელობას რაიმე ობიექტური მიზეზის გარეშე (ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა არ წარმოადგენს დაპყრობილ და ანექსირებულ ხალხს, არ განიცდის დევნასა და შევიწროებას და ა.შ.). ს. დაგმობილია საერთაშორისო სამართლისა და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მიერ. მიუხედავად ამისა, იგი მრავალი ქვეყნის ფარული მხარდაჭერით სარგებლობს და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ერთ–ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. separatism

Fr. separatisme

L. separatus ცალკე, განსაკუთრებული

გამოყოფისკენ, გამოცალკევებისკენ სწრაფვა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……