სოციალურ-კოგნიტური თეორია (ბანდურა, მიშელი)

სოციალურ-კოგნიტური თეორია (ბანდურა, მიშელი)

სოციალურ-კოგნიტური თეორიის თვალსაჩინო წარმომადგენლების, ა. ბანდურას (Bandura, 1925-) და მიშელის (Mischel, 1930) მიხედვით, სწავლა და განვითარება ეფუძნება არა მხოლოდ პირად გამოცდილების შეძენის პროცესს, არამედ, უმეტესად, სხვა ადამიანთა ქცევაზე დაკვირვებასა და მოდელირებას. სწავლა დაკვირვების საშუალებით ნიშნავს უნარს სხვა ადამიანზე დაკვირვების შედეგად ქცევის რთული ნიმუშების ათვისების უნარს. ამ უნარის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ განჭვრიტონ ქცევის შესაძლო შედეგები (სხვის მაგალითზე) და თავიდან აიცილონ არასასურველი შეცდომები.

ადამიანს, რომელსაც აკვირდებიან, მოდელს უწოდებენ, ხოლო მოდელზე დაკვირვების გზით ადამიანის მიერ გარკვეული მოქმედებების ან ქცევის ათვისების პროცესს – მოდელირებას. მოდელირების თეორიის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს განსხვავება ათვისებასა და შესრულებას შორის. ესა თუ ის მოქმედება ან ქცევა ბავშვმა შეიძლება აითვისოს, ისწავლოს, მაგრამ მოხდება თუ არა ათვისებული ქცევის განხორციელება, მიბაძვა – ეს დამოკიდებულია ქცევის მოსალოდნელ წახალისებაზე ან დასჯაზე. დაკვირვების შედეგად ხდება ახალი გამოცდილების შეძენა, მაგრამ მისი ქცევაში რეალიზაციის ალბათობა იზრდება მაშინ, როცა ეს ქცევა წახალისებულია. კერძოდ, მიბაძვის ალბათობა იზრდება ა) თუ დამკვირვებელი გარკვეულ სარგებელს ნახულობს მოდელის ქცევის გამეორებით; ბ) თუ თვით მოდელი დაჯილდოებულია (მაგ. მოცეკვავის აპლოდისმენტები ზრდის ახალგაზრდა, დამწყები მოცეკვავისთვის მისი მიბაძვის ალბათობას); გ) თუ მოდელს მაღალი სოციალური სტატუსი აქვს; დ) თუ მოდელი კეთილგანწყობილია დამკვირვებლის მიმართ; ე) თუ არსებობს ემოციური შესატყვისობა მოდელსა და დამკვირვებელს შორის. მოდელზე დაკვირვების გზით ბავშვი არაპირდაპირ, ირიბად ითვისებს გარკვეულ ემოციურ რეაქციებსაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვები დაკვირვების გზით სწავლობენ არა მხოლოდ კონკრეტულ ქცევებს, არამედ ისეთ ემოციურ რეაქციებსაც, როგორებიცაა შიში ან სიხარული. დაკვირვების გზით ემოციური რეაქციების სწავლის პროცესს ირიბ განმტკიცებას უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დაკვირვების გზით ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ავტომატურად ხდება და ჩვენ განწირულნი ვართ ბრმად მივდიოთ (მივბაძოთ) სხვა ადამიანებს. ბავშვებს ჰყავთ მრავალი მოდელი. ესენია: მშობლები, და-ძმები, მასწავლებლები, თანატოლები, ლიტერატურული გმირები, სატელევიზიო პერსონაჟები და სხვ. მოდელის არჩევას განსაზღვრავს, ერთი მხრივ, ბავშვის განვითარების ეტაპები, ხოლო მეორე მხრივ – ბავშვის უშუალო გამოცდილება. ბავშვები ზრდასთან ერთად სულ უფრო აქტიურად ირჩევენ მოდელს დასაკვირვებლად და მისაბაძად.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……