ტერორიზმი

ტერორიზმი

E. Terrorism

არაერთჯერადი ძალადობრივი ქმედება, რომელსაც ახორციელებს არალეგალურ, ან ნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში მყოფი პირი, პირთა ჯგუფი, ან ის პირები, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით პოლიტიკური თუ სისხლის სამართლებრივი მიზეზებით, ან იმის გამო, რომ მათთვის მიუღებელია გარემომცველი სამყარო. წინასწარგანზრახული პოლიტიკური მკვლელობებისაგან განსხვავებით ძალადობა არ არის ტ-ის ძირითადი მიზანი. ადამიანები ძალადობის მსხვერპლნი შემთხვევით, ან შერჩევით ხდებიან (როგორც ერთგვარი წარმომადგენლები, ან სიმბოლოები). ტერორისტული აქტი ერთგვარი გაფრთხილებაა, ან ნიშანი. ურთიერთობა ტერორისტებს, მათ მსხვერპლთა და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შორის მუქარასა და ძალადობაზეა დაფუძნებული. ტერორისტები, ამგვარად, ძირითადი აუდიტორიით მანიპულირებენ. ისეთი სახის ქმედებები, როგორიცაა: სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა, მძევლების აყვანა, დაკავებულთა მკვლელობა ტიპურია ტ-ისათვის. შესაბამისად ტერორისტული აქტები შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამხედრო დანაშაულის ანალოგი მშვიდობიან დროს, ომის დროს, ან, უბრალოდ, როგორც სამხედრო დანაშაული.

See also: საერთაშორისო ტერორიზმი, აჯანყებული ძალები, პოლიტიკური ძალადობა, ძალადობა

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

სოციალურ-პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, მეთოდი, რომელიც სისტემატური ძალადობით (მკვლელობის ჩათვლით) ან მისი გამოყენების მუქარით ხორციელდება და მიზნად ისახავს პოლიტიკური ან სხვა სახის მოწინააღმდეგის დაშინებას, დათრგუნვას ან ფიზიკურ განადგურებას. ტ. შეიძლება იყოს მიმართული როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეების, ორგანოებისა და ორგანიზაციების, უბრალო მოქალაქეების მიმართ. იგი ხორციელდება არა მარტო მკვლელობისა და მუქარის სახით, არამედ აფეთქებების, შეიარაღებული თავდასხმების, ტრანსპორტების, თვითმფრინავებისა და სხვ. გატაცების სახით. ტ. შეიძლება იყოს ინდივიდუალური, ჯგუფური (ორგანიზებული) და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილიც, რაც განსაკუთრებით საშიშია. ტ-თვის, როგორც პოლიტიკური ძალადობის განსაკუთრებული ფორმისათვის, დამახასიათებელია: ფანატიკური მიზანსწრაფვა, უმოწყალობა, გათვლა გარეგან ეფექტსა და ფსიქოლოგიურ გავლენაზე და სხვ. ტ. დღეს უმნიშვნელოვანესი გლობალური პრობლემაა, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა, გაერო მკაცრად გმობს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

2. ტერორიზმი – ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა, მიმართული ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, კომუნიკაციებისა და სხვა მატერიალური ობიექტების განადგურება-დაზიანება ან მათი განადგურება-დაზიანების მუქარა იარაღის, ასაფეთქებელი მასალების, ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური თუ სხვა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერების გამოყენებით ან ადამიანის გატაცებითა თუ მძევლად აყვანით, რათა ხელისუფლება ანდა მისი რომელიმე ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაცია იძულებული გახდეს, განახორციელოს გარკვეული ქმედება ან თავი შეიკავოს გარკვეული ქმედების განხორციელებისაგან, რომელიც ტერორისტების მართლსაწინააღმდეგო ინტერესებში შედის.   Source: საქართველოს კანონი „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……