უკუკავშირი (გამოხმაურება)

უკუკავშირი (გამოხმაურება)

პროცესი, როდესაც მოსაუბრე იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა გაგებული მის მიერ გაცემული შეტყობინება.

უკუკავშირი მეტად მნიშვნელოვანია კომუნიკაციაში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. ხშირად ადამიანი ვერც კი აცნობიერებს, რომ მისი არ ესმით. თუ მოსაუბრე წინასწარ ასკვნის, რომ მის მიერ გაცემული ინფორმაცია სხვისთვის ისედაც გასაგებია, მაშინ იგი ხშირად ეხვევა გაუგებრობაში. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მსმენელისაგან უკუკავშირის მიღება. მოსაუბრემ უნდა შეამოწმოს, თუ როგორ გაიგეს მის მიერ გაცემული ინფორმაცია. ამისათვის საკმარისია მან იკითხოს, თუ რა და როგორ იქნა გაგებული.

ინტერაქტიურ სასწავლო პროცესში მასწავლებლები და მოსწავლეები ჩართულნი არიან კომუნიკაციის პროცესში, როცა ორივე მხარე ეხმაურება მოსაუბრის ნათქვამს ან ქცევას. მასწავლებლის უკუკავშირი მოსწავლის მიმართ შეიძლება იყოს შემდეგი სახის: იგნორირება, უარყოფა, დადებითი და კონსტრუქციული გამოხმაურება. იგნორირების შემთხვევაში მასწავლებელი არ აქცევს ყურადღებას მოსწავლეს, მის მიერ შესრულებულ დავალებას თუ აქტივობას. უარყოფითი გამოხმაურების შემთხვევაში მასწავლებელი მოსწავლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს უარყოფითად ეხმაურება (მაგ. ეუბნება, რომ მან არასწორად შეასრულა დავალება, უკიდურეს შემთხვევაში, აყენებს შეურაცხყოფას). დადებითი გამოხმაურების შემთხვევაში მასწავლებელი აფასებს მოსწავლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს დადებითად (აქებს და აძლევს მის ნამუშევარს მაღალ შეფასებას); კონსტრუქციული გამოხმაურების შემთხვევაში კი მასწავლებელი აკეთებს ისეთ კომენტარს, რომ ეს ხელს უწყობს მოსწავლის სწავლის სწავლის უნარ-ჩვევის განვითარებას. კერძოდ, მასწავლებელი მოსწავლეებს ნათლად უხსნის, თუ სწავლის რა მეთოდების გამოყენებით არის შესაძლებელი მოცემული მასალის გაგება და ათვისება, მასწავლებელი ცდილობს დაეხმაროს მოსწავლეს იმის გაცნობიერებაში, თუ რა სირთულეებს ხვდება იგი სასწავლო მიზნის მიღწევისას და აწვდის ისეთ გამოხმაურებას, უსახავს გზებს, რომელიც მას ხელს უწყობს სირთულეების დაძლევაში, მასწავლებელი ახალისებს მოსწავლეთა ახალი სწავლითი სტრატეგიების დამოუკიდებელ ძიებას და სხვ.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……