უტოპიზმი

უტოპიზმი

შეხედულებები ალტერნატიულ საზოგადოებრივ მოწყობაზე, რომელშიც მოსპობილია ყველა საზოგადოებრივი ბოროტება და დამყარებულია საყოველთაო კეთილდღეობა, თავისუფლება და თანასწორობა. ტერმინი პოლიტიკურ ლიტერატურაში შემოვიდა თომას მორის ტრაქტატის „უტოპია“ (1516) სახელწოდებაზე დაყრდნობით. ამ შრომაში მორი აღწერდა ფანტასტიკურ კუნძულზე მოწყობილ იდეალურ სახელმწიფოს. მორის ტრაქტატი ეხმაურება პლატონურ ტრადიციას, რომლის ძირითადი პოლიტიკურ–ფილოსოფიური ინტერესი მიმართული იყო იმის კვლევისაკენ, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური სახელმწიფო და როგორი საზოგადოებაა სამართლიანი. პლატონის შეხედულებებმა იდეალურ სახელმწიფოზე შესაბამისი გამოხმაურება ჰპოვა ჯერ ქრისტიან მწერლებთან, (ნეტარი ავგუსტინეს „ღვთის ქალაქი“), ხოლო შემდეგ აღორძინებისა და ახალი დროის ავტორებთან (კამპანელას „მზის ქალაქი“, ბეკონის „ახალი ატლანტიდა“). ევროპული საზოგადოების განვითარების კვალად, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა პროლეტარიატი, უ. სოციალური საპროტესტო მოძრაობების იდეოლოგიად იქცა. XIX ს–ის მოაზროვნეები სენ–სიმონი, ფურიე, ოუენი და კაბე ავითარებდნენ იდეებს მუშათა კლასის მიერ საზოგადოების დეჰუმანიზაციისა და კაპიტალისტური ექსპლუატაციისაგან ხსნის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მარქსი და ენგელსი კომუნისტური საზოგადოების საკუთარ თეორიას მკვეთრად მიჯნავდნენ ძველი, "არამეცნიერული" უტოპიებისაგან, კომუნისტური საზოგადოების მარქსისტული იდეალიც იმავე უტოპიური ტრადიციის გამგრძელებელია. XX ს–ში უ–ს ძლიერ შეურყია საფუძველი ანტიუტოპისტურმა მოძრაობამ (ოლდოუს ჰაქსლი და ჯორჯ ორუელი), რომელმაც აჩვენა უკიდურესი რაციონალზმით ორგანიზებული საზოგადოების მანკიერებანი.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……