უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა

უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა

E. Legal status of aliens

სახელმწიფოში მცხოვრები იმ პირების უფლებამოვალეობათა ერთობლიობა, რომლებსაც სახელმწიფოს მოქალაქეობა არ აქვთ. სახელმწიფოთა საერთაშორისოსამართლებრივი თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა უცხოელთა (იხ. უცხოელი) რეჟიმის ორი სახე: 1) ეროვნული რეჟიმი – უსმ-ის გათანაბრება ადგილობრივ მოქალაქეთა მდგომარეობასთან; 2) უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი – უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის ისეთ უფლებათა მინიჭება, რომლებითაც ამ სახელმწიფოში სხვა სახელმწიფოს ყველაზ მეტი უფლების მქონე მოქალაქენი სარგებლობენ. მაგალითად, თუ საფრანგეთში ყველაზე პრივილეგირებული უფლებებით ინგლისის მოქალაქენი სარგებლობენ, ხოლო იტალიას საფრანგეთთან დადებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს უპირატესი ხელშეწყობის პრინციპს, საფრანგეთსი მცხოვრენ იტალიელებზეც გავრცელდება ყველა ის უფლება, რომლებიც იქ ინგლისის მოქალაქეებს აქვთ. უფრო მეტიც, თუ რამდენიმე ხნის შემდეგ ინგლისელთა უფლებები საფრანგეთში უფრო გაფართოვდა, იქ ავტომატურად გაფართოვდება იტალიელთა უფლებებიც; 3) სპეციალური რეჟიმი – იგი გულისხმობს ხელშეკრულების ძალით უცხოელებისათვის განსაკუთრებულ უფლებათა მინიჭებას, მაგალითად, უცხო შეიარაღებული ძალების ბაზებისა და მათი პირადი შემადგენლობისათვის; 4) პრივილეგირებული რეჟიმი – უცხოელს ენიჭება მეტი უფლება, ვიდრე ადგილობრივ მაცხოვრებლებს აქვთ. ეს რეჟიმი დღეს იშვიათი მოვლენაა, წინათ კი იგი „კაპიტულაციების რეჟიმის“ სახით ახლო და შუა აღმოსავლეთში მყოფი ევროპისა და ამერიკის ქვეყნების მოქალაქეებისათვის ძირითადი რეჟიმი იყო. დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის მქონე პირები უსმ -ის არცერთ ამ კატეგორიას არ გაკუთვნებიან \nაღნიშნული რეჟიმის ძირითადი სახეებია პირველი ორი. საერთაშორისო სამართალში განასხვავებენ მატერიალური და ფორმალური ნაცვალგების პრინციპს. პირველ შემთხვევაში უცხოელებს მათ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ენიჭებათ ზუსტად ისეთივე უფლებები, როგორიც მინიჭებული აქვთ ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს უცხოელთა სახელწმიფოში. უფრო ფართოდ გამოიყენება ფორმალური ნაცვალგება ამ რეჟიმის მოცულობის დაზუსტების გარეშე, ოღონდ იმ პირობით, რომ ასევე მოექცევა ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს უცხოელთა მშობლიური ქვეყანა. ნაცვალგების პირობა განისაზღვრება როგორც შიდასახელმწიფოებრივი სამართლით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით. თუ როგორ იყენებს უცხოეთის სახელმწიფო ნაცვალგების პრინციპებს, დაზარალებული სახელმწიფო უფლებამოსილია, დარღვევის მიმართ გამოიყენოს რეტორსია, ანუ „სამაგიეროს მიზღვა“ და თვითონაც ანალოგიურად შეზღუდოს თავის ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა უფლებანი. ადგილობრივ მოქალაქეებთან უცხოელთა გათანაბრება ხდება უფლებათა მხოლოდ ძირითად სფეროში. უცხოელები მოკლებულნი არიან ისეთ პოლიტიკურ უფლებებს, როგორებიცაა: აქტიური და პასიური ხმის უფლება, პოლიტიკური პარტიის შექმნის ან რომელიმე პარტიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების უფლება. უცხოელი თავისუფალია სამხედრო სამსახურისგან და მასთან დაკავშირებული საბეგრო-საგადასახადო ვალდებულებებისაგან, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ასეთ გამონაკლისებს არ ითვალისწინებს. რაც შეეხება სხვა გადასახადებს, მათ ყველა უცხოელი უნდა იხდიდეს, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (იხ. ორმაგი დაბეგრვის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულება). უცხოელი არ წყვეტს კავშირს თავის სახელმწიფოსთან, რომელიც მოვალეა, დაიცვას თავისი მოქალაქის უფლებები საზღვარგარეთ \n1990 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო და ხელმოწერისათვუს გახსნილად გამოაცხადა „საერთაშორისო კონვენცია ყველა მიგრანტისა და მათი ოჯახის წევრთა დაცვის შესახებ“ (იხ. მიგრანტ-მუშები). საქართველოში უცხოელებს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები აქვთ და ისეთივე მოვალეობანი აკისრიათ, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს, თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საამისოდ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უცხოელთა ეს უფლება-მოვალეობანი გარანტირებულია: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს 3.VI.1993 კანონით „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისოსამართლებრივი ნორმებით. უცხოელები საქართველოში თანასწორნი არიან კანონის წინაშე მათი წარმოშობის, სოციალური და ქონებირივ მდგომარეობის, რასის, ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიის, პოლიტიკურ თუ სხვა შეხედულებათა, საქმიანობის სფეროს თუ სხვა გარემოებათა მიუხედავად. საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთა სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, მათ უფლებებსა და თავისუფლებებს; საქართველო თავის მოქალაქეებს იცავს საქართველოს ფარგლებს გარეთ \nსაქართველოში უცხოელთა უფლებამოსილებების აღსრულება არ უნდა იწვევდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვას, საქართველოს მოქალაქეთა და სხვა პირთა უფლებების შეზღუდვას, მათი კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას, იმ სახელმწიფოების მოქალაქეთა მიმართ, სადაც საქართველოს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს განზრახ შეზღუდავენ, საქართველო დააწესებს ადეკვატურ შეზღუდვებს. კანონი განსაზღვრავს, საქართველოში მიდმივად და დროებით მცხოვრები უცხოელების სტატუსს. მათ შესაბამის უფლება-მოვალეობებს, საქართველოში მათი შემოსვლისა და საქართველოდან გასვლის წესებს. უცხოელი მოქალაქეები და საქართველოში დროებით მყოფი ის პირები, რომლებსაც მოქალაქეობა არ აქვთ, ვალდებული არ არიან, იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ხოლო ის პირნი, რომლებიც საქართველოში მუდმივად ცხოვრობენ და მოქალაქეობა არ აქვთ, სამხედრო ვალდებულად მიიჩნევიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……