ფასი საბაზრო

ფასი საბაზრო

E. market price

ა) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასად ითვლება თავისუფალი საბაზრო ფასი, რომელიც ყალიბდება ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებისას და საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს; ბ) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასი განისაზღვრება ამ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციის მომენტისათვის იდენტურ (ერთგვაროვან) საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) დადებულ შესაბამის გარიგებათა შესახებ ინფორმაციის საფუძველზე; გ) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრისას ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებები მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ვერ მოახდენს გარიგებათა შედეგებზე; დ) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ბაზრად ითვლება ამ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის (მყიდველის) შესაძლებლობის გათვალისწინებით, რეალურად და მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე გაყიდოს (შეიძინოს) საქონელი (სამუშაო, მომსახურება) მყიდველთან (გამყიდველთან) მიმართებით უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ; ე) თუ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) შესაბამის ბაზარზე იდენტურ (ერთგვაროვან) საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) დადებული გარიგება ან ამ ბაზარზე ასეთი საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდება არ არსებობს, საბაზრო ფასი განისაზღვრება იმ ფასებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია იდენტურ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) შესაბამისი გარიგებით საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციის მომენტისათვის უახლოეს დღეს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციის მომენტს არა უმეტეს 30 დღით. ამასთან, ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასი განისაზღვრება ამავე ემიტენტის ასეთივე ფასიანი ქაღალდის საბირჟო კოტირებებით აღნიშნული ფასიანი ქაღალდის რეალიზაციის მომენტისათვის უახლოეს დღეს, რომელიც წინ უსწრებს ამ ფასიანი ქაღალდის რეალიზაციის მომენტს და რომელზედაც გამოცხადდა აღნიშნული კოტირებები; ვ) თუ ამ მუხლის ა) – ე) ნაწილების დებულებათა გამოყენება შეუძლებელია, მაშინ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასი განისაზღვრება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დადგენილი წესით. ამასთან, მხედველობაში მიიღება მსგავს შემთხვევებში ჩვეულებრივი ხარჯები საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) წარმოებასა ან/და რეალიზაციაზე (შეძენის ფასი და ნარჩენი ღირებულება), მსგავს შემთხვევებში ტრანსპორტირების, შენახვის, დაზღვევის ჩვეულებრივი და სხვა მსგავსი ხარჯები, აგრეთვე არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას ჩვეულებრივი წანამატები ფასზე ან ფასდათმობები, რომლებიც ითვალისწინებს მოთხოვნისა და მიწოდების ფაქტორებს საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ბაზარზე. აღნიშნული ფასდათმობები მხედველობაში მიიღება, კერძოდ, საქონლის ხარისხის ან სხვა სამომხმარებლო თვისებების დაკარგვისას, საქონლის ვარგისიანობის ან რეალიზაციის ვადის გასვლისას (გასვლის თარიღის მოახლოებისას); ზ) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გაცვლის ოპერაციები (ბარტერული ოპერაციები) განიხილება როგორც გარიგებები, რომელთა მიხედვითაც გამცვლელ მხარეთაგან თითოეული ახდენს თავისი საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციას და იძენს სხვა საქონელს (სამუშაოს, მომსახურებას). ამასთან, ასეთი ოპერაციის დროს რეალიზებული (შეძენილი) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასი განისაზღვრება ამ მუხლის მიხედვით; თ) გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს მტკიცებები, ხოლო საგადასახადო ორგანო საკმარისი საფუძვლის არსებობისას ეთანხმება წარმოდგენილ მტკიცებებს, რომ სათანადო გარიგების მიმართ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ფასის განსაზღვრისას და აღიარებისას გამოყენებულ იქნეს ამ მუხლში მითითებული წესისაგან განსხვავებული წესი; ი) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრისას და აღიარებისას გამოიყენება ინფორმაციის ოფიციალური წყაროები საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასებისა და საბირჟო კოტირებების შესახებ, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე, სხვა სარწმუნო ინფორმაცია; კ) ბუნებრივ რესურსებზე გადასახადის გაანგარიშების მიზნით ფასს საგადასახადო კოდექსის მე-10 კარში მოყვანილი ბუნებრივი რესურსების სახეობებისა და ჯგუფების მიხედვით (გარდა 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებული ბუნებრივი რესურსებისა) ადგენს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო შესაბამისი რესურსებით სარგებლობის საუწყებათაშორისო სალიცენზიო საექსპერტო საბჭოს რეკომენდაციით, ხოლო 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ ბუნებრივ რესურსებზე – საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით. საბაზრო ფასი შეიძლება იყოს საბითუმო და საცალო (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 27).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……