ფემინიზმი

ფემინიზმი

(ლათ. femina – ქალი) – ფილოსოფიის მიმდინარეობა, რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობას ქადაგებს. ეს ტერმინი პირველად 1895 წელს იხმარა ელის როსიმ, როგორც ქალთა მოძრაობის აქტივისტების იდეოლოგიის აღმნიშვნელი სიტყვა. ფემინიზმი, როგორც თეორია, წარმოიქმნა ქალთა მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციის, ისტორიული უსამართლობის, პატრიარქალური წყობის, მამაკაცის დომინირების უალტერნატივობის კრიტიკის შედეგად. უდიდესმა ჰუმანისტმა მაჰათმა განდიმ თავისი რეფორმების გატარება სწორედ ქალთა უფლებების წინ წამოწევით დაიწყო. ფემინიზმის პირველი ტალღა XIX საუკუნეში აგორდა. მისი მიზანი იყო სქესთა იურიდიული უფლებების გათანაბრება. ფემინიზმის მეორე ტალღა ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანასწორობას ქადაგებდა, როგორც სამართლებრივ, ასევე სოციალურ-კულტურულ ასპექტში. საფრანგეთის რევოლუციამ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შესარულა ქალთა მოძრაობაში. 1792 წელს ოლიმპია და გუჟმა გამოაქვეყნა ,,ქალისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია.“ პარალელურად ინგლისში მერი უილსტონკრაფტი აქვეყნებს წიგნს ,,ქალის უფლებათა დაცვა,“ ხოლო გერმანიაში გამოდის თეოდორ ფონ გიპელის ნაშრომი ,,ქალთა სამოქალაქო მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“. მეცნიერთა აზრით, ფემინიზმი, როგორც იდეათა წყობა, წარმოიქმნა სენ-სიმონის, ფურიეს, ოუენის უტოპიური სოციალიზმის ნიადაგზე. დღეისთვის ფემინიზმი წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოების სოციალურ-კულტურული განვითარების ალტერნატიულ ფილოსოფიურ კონცეფციას. ფრანგმა ეგზისტენციალისტმა ფილოსოფოსმა სიმონა დე ბოვუარმა თავის ნაშრომში „მეორე სქესი“ დასვა საკითხი კულტურაში ქალურობის დართგუნვის პრობლემის აქტუალურობის შესახებ. მან აჩვენა, რომ სწორედ საზოგადოებრივი ნორმები უწოდებს მამაკაცურს (მასკულინურს) პოზიტიურს, ხოლო ქალურს (ფემინურს) – ნეგატიურს, „სხვას“ ანუ ეს განსხვავებები გენდერული ხასიათისაა და პატრიარქატის გამყარებას უწყობს ხელს. XX საუკუნის დასავლურ ცივილიზაციაში გამოიკვეთა ფემინიზმის (შესაბამისად ფემინისტთა აქტივობის) სამი მიმდინარეობა: ლიბერალურ-რეფორმატორული (ქალთა სამოქალაქო და იურიდიული უფლებების დაცვა); სოციალისტური (მარქსისტული და ფემინისტური შეხედულებების შერწყმა)და რადიკალური (ქალთა დისკრიმინაციის საერთო საფუძვლების ძიება-გამოაშკარავება და კრიტიკა).

See also: ანარქისტული ფემინიზმი, ანტირასისტული ფემინიზმი, ეგალიტარული ფემინიზმი, ეკონომიკური ფემინიზმი, კიბერფემინიზმი, კულტურული ფემინიზმი, ლესბოსური ფემინიზმი, ლიბერალური ფემინიზმი, მარქსისტული ფემინიზმი, ნეოფემინიზმი, პოსტკოლონიალური ფემინიზმი, ჰუმანური ფემინიზმი

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

ქალთა და მამაკაცთა უფლებების გათანაბრებისათვის წარმოებული ფართო პოლიტიკური მოძრაობის საერთო სახელწოდება. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ფემინისტური იდეები ჯერ კიდევ აღორძინების ეპოქაში ჩაისახა. ზოგიერთ მკვლევარს პირველ ფემინისტად პლატონი მიაშნია. აღორძინების ეპოქაში შეიქმნა ქრისტინა დე ლიზანის და კორნელიუს აგრიპას პირველი ტრაქტატები, რომლებშიც აშკარად იყო საუბარი ქალის პიროვნების დათრგუნვასა და მისდამი საზოგადოების უსამართლო დამოკიდებულებაზე. ფ–ის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი დაკავშირებულია საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდგომ პერიოდთან. 1792 წელს ოლიმპია დე გუჟმა შეადგინა „ქალისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“, რომელიც შეიცავდა მოთხოვნას ქალებისათვის საარჩევნო უფლებისა და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლების მიცემის შესახებ. ფემინისტური მოძრაობის პირველ ეტაპზე დაარსდა ქალთა ორგანიზაციები და კლუბები, რომლებიც კონვენტმა სულ მალე აკრძალა, თავად ოლიმპია დე გუჟი კი სიკვდილით დასაჯეს. დღეს ნათელია, რომ ფემინისტური იდეების ჩასახვა და ჩამოყალიბება მნიშვნელოვანწილად მომზადებულ იქნა სოციალურ–ფილოსოფიური კონცეფციებით. ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში აღსანიშნავია ჯონ ლოკის, ჟან–ჟაკ რუსოს და ჯონ სტიუარტ მილის ლიბერალური ფილოსოფია, რომლის ფარგლებშიც ვითარდებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი თეორიები. ცალკე უნდა გამოიყოს შარლ ფურიეს, ანრი სენ–სიმონის და რობერტ ოუენის უტოპიური სოციალიზმის თეორიების გავლენა. დაბოლოს, აღსანიშნავია XX ს–ის შუახანებისა და დასასრულის თეორიები, რომლებიც მათში სექსუალობისა და ადამიანის სექსუალური ქცევის პრობლემების განხილვის საფუძველზე შეიძლება სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში გავაერთიანოთ. ფ–ის ახალი ეტაპი XX ს–ის 60–იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში ფ–ის შიგნით ჩამოყალიბდა სამი ძირითადი მიმართულება: ლიბერალურ–რეფორმატორული, სოციალისტური და რადიკალური. 70–იან წლებში წარმოიშვა საზოგადოებაში ქალთა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის მიზეზებისადმი სოციალურ–კულტურული მიდგომის ტრადიცია.

See also: ემანსიპაცია ქალთა, გენდერი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. feminism

Fr. Feminisme

L. femina ქალი

ქალთა მოძრაობა, რომლის მიზანია ქალების უფლებრივი გათანასწორება მამაკაცებთან.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……