ფრანკფურტის სკოლა

ფრანკფურტის სკოლა

(კრიტიკული თეორიის ფრანკფურტის სკოლა) ეკონომიკურად შეძლებული, მარქსისტული რადიკალიზმის მომხრე პოლიტოლოგის ფელიქს ბელის დაარსებული სოციალური გამოკვლევების ინსტიტუტი მაინის ფრანკფურტში (გერმანია) (აქედან სახელწოდება: „ფრაკფურტის სკოლა“), რომელშიც გაერთიანდნენ მემარცხენე მოაზროვნეები. ნაციონალ–სოციალიზმის გამო ინსტიტუტი გადავიდა ნიუ–იორკში და იქიდან მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა (1947), ხოლო 1969წ. საერთოდ დაიშალა, თუმცა ამ სკოლის ზეგავლენა დღემდე შენარჩუნებულია, მაგ., ი. ჰაბერმასის თეორიაში. ფ. ს–სთან დაკავშირებულნი იყვნენ მემარცხენე თეორეტიკოსები: თეოდო ადორნო, ვალტერ ბენიამინი, ერიხ ფრომი, მაქს ჰორკჰაიმერი, ჰერბერტ მარკუზე. კრიტიკული თეორიის ფრანკფურტის სკოლის ნეომარქსისტული მიმდინარეობა ემყარება დასავლურ პოზიტივიზმს, ასევე მარქსისტულ სციენტიზმს და კრიტიკული პოზიცია უკავია როგორც დასავლური კაპიტალიზმის, ასევე რუსული სოციალიზმის მიმართ. ამ სკოლის მთავარ თეორიულ წვლილს განეკუთვნება: 1. დისკუსია ნეოპოზიტივისტური ეპისტემოლოგიის სოციალურ მეცნიერებებთან შესაბამისობის შესახებ, 2. კაპიტალისტური და სოციალური საზოგადოებების დომინირებადი სტრუქტურებისა და კულტურული წარმონაქმნების შეფასება, 3. მარქსისა და ფროიდის იდეების შეხამება, რასაც შედეგად მოჰყვა ფროიდის თეორიის რადიკალიზაცია, ხოლო მარქსიზმის შევსება პიროვნების უფრო ღრმა თეორიით. ფ. ს–ის წარმომადგენლები ძირითადად მარქსის შემოქმედების პირველ პერიოდს („ახალგაზრდა მარქსი“) ეყრდობოდნენ და მარქსის თეორიის საბჭოთა ინტერპრეტაციის რევიზიას ეწეოდნენ. ინსტიტუტის წევრები იმედოვნებდნენ, რომ თავისუფალ კონკურენციაზე დაფუძნებული კაპიტალიზმის მონოპოლისტურ კაპიტალიზმად და ფაშიზმად ტრანსფორმაცია სოციალიზმით დამთავრდებოდა, მაგრამ შემდეგ ზოგი მათგანის, განსაკუთრებით ადორნოსა და ჰორკჰაიმერის, პოზიცია პესიმისტური გახდა. მათი აზრით, მუშათა კლასი მართული გახდა მასობრივი კულტურით და დაკარგა რევოლუციური ცნობიერების გამომუშავების უნარი. მარკუზე უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ის რევოლუციური ცნობიერების წყაროს ეთნიკურ უმცირესობებსა და სტუდენტობაში ხედავდა. რევოლუციის პერსპექტივის განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ფ. ს–ის ყველა წარმომადგენელი აგრძელებდა საერთო თემას – განმანათლებლობის ეპოქის რაციონალობის იდეის შეცვლას ვიწრო და არაჰუმანისტური „ტექნიკური რაციონალობით“. განმანათლებლობის რაციონალობის „ტექნიკური რასციონალობით“ შეცვლა სოციალურ მეცნიერებებს უბიძგებს პოზიტივისტური და სციენტისტური ფორმისაკენ, რასაც ფ.ს–ის წარმომადგენლების თანახმად, კრიტიკული თეორია უნდა ებრძოლოს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……