ფუნქციონალიზმი

ფუნქციონალიზმი

მიმდინარეობა სოციოლოგიასა და სოციალურ ანთროპოლოგიაში, რომელიც ცდილობს სოციალური სტრუქტურების არსებობა ახსნას იმ ფუნქციების (როლების) მიხედვით, რომელსაც ისინი ასრულებენ მთელი საზოგადოებისათვის. ფ. მოიცავს სტრუქტურულ თეორიებს, რომელთა მიერ წარმოებული ანალიზი ორიენტირებულია უფრო მეტად საზოგადოების, ვიდრე ინდივიდის დონეზე. საზოგადოება, ამ შემთხვევაში, განიხილება როგორც ურთიერთდამოკიდებულ და ურთიერთმარეგულირებელ ნაწილთა სისტემა. შესაბამისად, ანალიზის ფოკუსს წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული ნაწილების ურთიერთმიმართება და ის, თუ რატომაა თითოეული ნაწილის ფუნქციონირება აუცილებელი სისტემის (მთელის) სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის. ფუნქციონალისტურ მიდგომას საფუძველი XIX ს–ში ჰერბერტ სპენსერმა დაუდო, რომელიც საზოგადოებას განიხილავდა ბიოლოგიურ ორგანიზმთან ანალოგიით. თუმცა, საზოგადოების შესწავლის იდეა მისი ნაწილების (სტრუქტურების) მიერ შესრულებული ფუნქციების მიხედვით აქტუალური გახდა XX ს–ის დასაწყისში, სოციალური ანთროპოლოგიის ბრიტანულ სკოლაში (რადკლიფ–ბრაუნი, მალინოვსკი). XX ს–ის 50–იან წლებში ძალზე პოპულარული ხდება სტრუქტურული ფუნქციონალიზმი, რომელიც დაკავშირებულია ტალკოტ პარსონსის სახელთან. იგი ავითარებს სისტემების თეორიას, რომლის თანახმადაც, საზოგადოებისა და მისი ცალკეული ქვესისტემის ფუნქციონირება უნდა გაანალიზდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ასრულებენ ისინი განსაზღვრულ ფუნქციურ მოთხოვნებს. პარსონსი გამოყოფს ოთხ ასეთ მოთხოვნას: ადაპტაცია, მიზნის მიღწევა, ინტეგრაცია, ლატენტურობა (ცნობილია სახელწოდებით აგილ-ი). სტრუქტურული ფუნქციონალიზმისთვის დამახასიათებელია ე.წ. „ნორმატივიზმი“, ანუ აღიარება ნორმატიული წესებისა და ღირებულებებისა, რომლებიც განაპირობებს ადამიანებისა და სოციალური ორგანიზაციების ქცევას. თეზისი იმის შესახებ, რომ ყველაფერს, რაც საზოგადოებაში არსებობს, პოზიტიური ფუნქცია აქვს, გააკრიტიკეს თანამედროვე ფუნქციონალისტებმა (რობერტ მერტონი). მერტონს თანამედროვე საზოგადოებების ფუნქციონალური ანალიზის პროცესში შემოაქვს ისეთი ცნებები, როგორიცაა დისფუნქცია, ლატენტური ფუნქცია, ფუნქციური ეკვივალენტები (შემცვლელები) და სხვ. საბოლოო ჯამში, ნეილ სმელზერი გამოყოფს ფ–ის 5 მახასიათებელს: 1. საზოგადოება ერთ მთელში გაერთიანებულ ნაწილთა სისტემაა; 2. საზოგადოებრივი სისტემები ინარჩუნებს მდგრადობას, რამდენადაც მათში არსებობს კონტროლის ისეთი შინაგანი მექანიზმები, როგორიცაა სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო; 3. მართალია, საზოგადოებაში არსებობს დისფუნქციები, მაგრამ მათი გადალახვა (დაძლევა) შესაძლებელია; 4. ცვლილებებს, როგორც წესი, აქვს ევოლუციური და არა რევოლუციური ხასიათი; 5. სოციალური ინტეგრაცია, ანუ განცდა იმისა, რომ საზოგადოება მყარი ქსოვილია, მოქსოვილი სხვადასხვა ძაფებისგან, ყალიბდება ღირებულებათა ერთიანი სისტემის საფუძველზე, რომელიც გაზიარებულია მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ. ფ–ს რამდენიმე თვალსაზრისით აკრიტიკებენ: ა) ის კონსერვატორული მიდგომაა, აქცენტს სვამს რა სოციალურ წესრიგზე და არ ითვალისწინებს სოციალური კონფლიქტების და დევიაციების მნიშნელოვნებას; ბ) იგი ტელეოლოგიური ხასიათისაა, რამდენადაც სოციალურ მოქმედებას ხსნის მისი შედეგების მიხედვით; გ) ახდენს ინდივიდების იგნორირებას, რამდენადაც ფოკუსირდება მხოლოდ სტრუქტურულ ელემენტებზე; დ) არის აისტორიული, რამდენადაც კონცენტრირდება მხოლოდ აწმყოზე ნამყოსთვის რაიმე მნიშვნელობის მონიჭების გარეშე.

See also: აგილი, ფუნქცია და დისფუნქცია, აშკარა და ლატენტური ფუნქციები, ფუნქციური ეკვივალენტები, სტრუქტურული ფუნქციონალიზმი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……