შეფასების სისტემა

შეფასების სისტემა

შეფასების სისტემა არის შეფასების ერთიანი მეთოდი, რომელიც ხორცილდება სხვადასხვა ინსტიტუციონალურ დონეზე.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყოფა შეფასების სისტემების რამდენიმე დონე:

1. ეროვნული შეფასებების სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით დადგენილ მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა.

2. სასკოლო შეფასების სისტემა, რომლის საშუალებითაც სკოლა ადგენს მოსწავლეთა მიღწევების შესაბამისობას სკოლის სასწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

სკოლამ უნდა დაადგინოს შეფასების ზოგადი პრინციპები, რომლითაც მისი ყველა მასწავლებელი ხელმძღვანელობს. სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს:

ა) რა არის ის მინიმალური ბარიერი, რომელიც მოეთხოვება მოსწავლეს იმისთვის, რომ კლასიდან კლასში გადავიდეს?

ბ) რა არის ის მინიმალური ბარიერი, რომლის დაძლევაც მოეთხოვება მოსწავლეს იმისთვის, რომ საგნის დაძლევა დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალოს. აქვე უნდა იყოს განმარტებული, რა ალტერნატივებს სთავაზობს სკოლა იმათ, ვინც წლის დამთავრებისთვის ვერ შეძლებს ამ ბარიერის დაძლევას. თუ არსებობს ე. წ. „საშემოდგომო“, რა იგულისხმება მის ფარგლებში? (მაგ. აძლევს თუ არა მასწავლებელი კონკრეტულ დავალებას მოსწავლეს, იცის თუ არა ამ უკანასკნელმა, თუ რის მიხედვით შეფასდება, აქვს თუ არა მას გამოცდა, თუ მოეთხოვება გარკვეული ნაშრომის წარმოდგენა და სხვ.)

გ) როგორ ხდება იმ მოსწავლეების შეფასება, რომლებიც ხშირად აცდენენ სკოლას საპატიო მიზეზების გამო? სკოლამ უნდა შეიმუშაოს საკუთარი წესი, რომელიც განმარტავს, რამდენია დასაშვები ზღვარი და როგორ უნდა მოიქცეს მოსწავლე, რომელსაც ამ ზღვარზე მეტი გაცდენა აქვს? (მაგ. როგორ უნდა აღიდგინოს გაცდენილი მასალა, დასჭირდება მას თუ არა დამატებითი გაკვეთილები და სხვ.)

3. მოსწავლის შეფასების სისტემა, რომლის საშუალებითაც მასწავლებელი ადგენს თითოეული მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას სკოლის შეფასების ზოგად პრინციპებზე დაყრდნობით.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შეფასების სისტემა ათ ქულიანია. 10 საუკეთესო ნიშანია, 1 კი – ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, რომ აკადემიურ მოსწრებაში პროგრესი და რეგრესი დაანახოს მოსწავლეს.

დაწყებით საფეხურზე (1-6 კლასები) მოქმედებს ნიშნების დაწერის სპეციალური სქემა. 1-4 კლასებში წლიური შეფასება ნიშნებით არ არის საერთოდ რეკომენდებული. შესაძლებელია, რომ სკოლამ შემოიღოს გარკვეული პირობითი ნიშნები განსაკუთრებული წარმატების აღსანიშნავად. ამ კლასებში ტრიმესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა თითოეულ მოსწავლეს უნდა დაუწეროს მოკლედ შემაჯამებელი კომენტარი ტექსტის სახით, სადაც დაახასიათებს მოსწავლის წარმატებებს და მისცემს რჩევებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენისთვის. აქ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ მოსწავლის პრობლემებს და შევთავაზოთ გაუმჯობესების გზები.

მე-5 – მე-6 კლასებში ხდება უკვე ნიშნების დაწერა 10 ქულიანი სისტემით. მე-5 – მე-6 კლასებში და საბაზო და საშუალო საფეხურებზე ფიზიკურ აღზრდაში მოსწავლე ფასდება სისტემით: არ ჩაეთვალა, ჩაეთვალა, წარჩინებით ჩაეთვალა.

ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:

• საგნის ტრიმესტრული ნიშანი – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ ტრიმესტრში;

• საგნის წლიური ნიშანი – ტრიმესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში;

• საერთო წლიური ნიშანი – ნიშანი, რომელიც გამოხატავს ყველა საგნის შეფასების ერთობლიობას;

• საერთო საფეხურის ნიშანი – დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურების საერთო შეფასება.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

2. შეფასების სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დგინდება მისი კეთილდღეობის დონე.   Source: საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……