შრომის კოდექსი – დასაქმებულის უფლებები

ჩვენს  ბლოგზე  ძალიან  ბევრი  კითხვა  შემოდის  ხოლმე  შრომის  კოდექსთან,  დასაქმებულისა  და  დამსაქმებლის  უფლება-მოვალეობებთან  დაკავშირებით.  ამ  თემას  ჯეოლო  ადრეც  გამოეხმაურა.  თუმცა,  ამჯერად  კიდევ  რამდენიმე  პუნქტს  გაგაცნობთ  მოკლედ.

1.  შრომის  კოდექსის  მე-11  მუხლის  თანახმად:  დამსაქმებელს  უფლება  აქვს,  დასაქმებულისათვის  შეტყობინებით  დააზუსტოს  შრომითი  ხელშეკრულებით  გათვალისწინებული  სამუშაოს  შესრულების  ცალკეული  გარემოებები,  რომლებიც  არ  ცვლის  ხელშეკრულების  არსებით  პირობებს.

ანუ,    დამსაქმებელს  არ  აქვს  უფლება  შეცვალოს  შრომითი  ხელშეკრულებით  გათვალისწინებული  პირობები  დასაქმებულისთვის  შეტყობინების  გარეშე.  შრომითი  ხელშეკრულების  არსებითი  პირობების  შეცვლა  შესაძლებელია  მხოლოდ  მხარეთა  შეთანხმებით.

მაგალითად:  თუ  თქვენი  დამსაქმებელი  გამოგიცხადებთ,  რომ  ხვალიდან  თქვენი  სამუშაო  დრო  იზრდება  90  წუთზე  მეტით,  ეს  შრომითი  ხელშეკრულების  არსებითი  პირობის  დარღვევაა.

ასევე,  დამსაქმებელს  არ  აქვს  უფლება  შეცვალოს  თქვენი  ანაზღაურება  თქვენთან  შეთანხმების  გარეშე.  ეს  შრომითი  ხელშეკრულების  არსებითი  პირობის  შეცვლაა.
მაგალითად:  თუ  თქვენ  ხელფასის  დარიცხვის  დღეს  გეუბნებიან,  რომ  ანაზღაურება  შეადგენს  არა  ხელშეკრულებაში  დაფიქსრებულ  100  ლარს,  არამედ  79  ლარს,  ეს  თქვენი  ხელშეკრულების  და  შრომის  კოდექსის  პირდაპირი  დარღვევაა.

სამუშაო  დრო:    დამსაქმებლის  მიერ  განსაზღვრული  სამუშაო  დროის  ხანგრძლივობა,  რომლის  განმავლობაშიც  დასაქმებული  ასრულებს  სამუშაოს,  არ  უნდა  აღემატებოდეს  კვირაში  40  საათს.  (გარდა  სპეციფიკური  სამუშაო  რეჟიმის  მქონე  საწარმოებისა).  40  საათს  ზემოთ  უკვე  ზეგანაკვეთური  სამუშაო  საათებია,  რომლის  ანაზღაურებაც  მხარეთა  შეთანხმებით  ხდება.

თუ  თქვენ  კანონით  გათვალისწინებულ  უქმე  დღეებში  გიწევთ  მუშაობა  (მაგ,  1-2  იანვარს,  3  მარტს  და  ა.შ.),  ეს  განისაზღვრება  როგორც  ზეგანაკვეთური  სამუშაო  დრო  და  როგორც  უკვე  აღვნიშნეთ,  ანაზღურება  მხარეთა  შეთანხმებით  ხდება.  ან  დამატებითი  დასვენების  დრო  უნდა  დაგენიშნოთ  სხვა  პერიოდში.

მოგვწერეთ  კიდევ  რა  საკითხებთან  დაკავშირებით  გსურთ  პოსტი.