ჩაურევლობა

ჩაურევლობა

თანამედროვე საერთაშორისო სისტემის მთავარი პრინციპი, რომელიც სახელმწიფოთა დამოუკიდებლობასა და სუვერენულ თანასწორობას ეფუძნება. საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიური პრაქტიკის მიხედვით, დაუშვებელია უცხო სახელმწიფოს შინაურ სამეებში ჩარევა. ეს პრინციპი ვესტფალიის ზავით დაწესებული პრინციპის – ვინც მართავს, რწმენასაც განაგებს (cuius regio eius religio) – ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა (იხ. აგრ. ვესტფალიის სისტემა). ჩ–ის პრინციპი, როგორც თავად სუვენერიტეტი, აბსოლუტური არ არის. ინტერვენცია (რომელიც ჩ–ის საწინააღმდეგო ცნებაა) საერთაშორისო ურთიერთობების თანამდევი მოვლენა იყო და დღემდე ამგვარად რჩება. ამრიგად, ჩ–ის პრინციპი, მისი ფუნდამენტური ხასიათის მიუხედავად, საერთაშორისო ურთიერთობებში წმინდა ფორმით არასოდეს არსებულა. საერთაშორისო ურთიერთობებში საერთაშორისო ორგანიზაციების როლის ზრდისა და მსოფლიო მთავრობის შექმნის შემთხვევაში ჩ–ის პრინციპის მოქმედების არეალი კიდევ უფრო მეტად დავიწროვდება. გაეროს 1970 წლის დეკლარაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ ამგვარად განსაზღვრავს ჩ–ის შინაარსს: „არც ერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს არა აქვს უფლება ჩაერიოს პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რა მიზეზითაც უნდა იყოს, სხვა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო საქმეებში; დაუშვებელია შეიარაღებული ჩარევა და ჩარევის ყველა სხვა ფორმა ან ყოველგვარი მუქარა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს სამართალ–სუბიექტობის ან მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საფუძვლების წინააღმდეგ; ისეთი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვა სახელმწიფოს დამორჩილებას, მის სუვერენულ უფლებათა შელახვასა და მისგან რაიმე უპირატესობის მიღებას; არც ერთი სახელმწიფო არ უნდა მიმართავდეს შეიარაღებულ, ძირგამომთხრელ ან ტერორისტულ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მეორე სახელმწიფოს წესწყობილების შეცვლას ძალაუფლების გზით; ყოველ სახელმწიფოს დაუშვებლად უნდა მიაჩნდეს ასეთი ქმედებები და უარი თქვას მათთვის დახმარების გაწევაზე, მათ დაფინანსებაზე, წაქეზებაზე და არ უნდა ერეოდეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარე შინაომებში“. წესდება უფლებას არ აძლევს გაეროს, ჩაერიოს ისეთ საქმეებში, რომლებიც არსებითად ნებისმიერი სახელმწიფოს საშინაო კომპეტენციას მიეკუთვნება, მაგრამ ეს პრინციპი არ ეხება იძულებითი ზომების გამოყენებას, ანუ როდესაც გაერო მიმართავს ქმედებებს „მშვიდობისადმი საფრთხის, მშვიდობის დარღვევისა და აგრესიის მიმართ“. ჩ–ის პრინციპი ასევე არ ვრცელდება ადამიანის უფლებათა ისეთ უხეშ და სისტემატურ დარღვევებზე, როგორიცაა გენოციდი, აპართეიდი, ეთნიკური წმენდა, სხვა დანაშაულობანი კაცობრიობის წინააღმდეგ (იხ. ჰუმანიტარული ინტერვენცია). ტერმინი ჩ. აღნიშნავს, აგრეთვე, საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებულ სახელმწიფო პოზიციას, რომელიც გამოიხატება ომის მონაწილე რომელიმე მხარისათვის დახმარების გაწევისაგან თავის შეკავებით.

See also: ვესტფალიის სისტემა, ჰუმანიტარული ინტერვენცია, მიუმხრობლობა (ნეიტრალიზმი), ნეიტრალიტეტი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……