წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი

E. International Committee of the Red Cross

დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელმაც დააფუძნა წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა. კომიტეტი შეიქმნა 1864 წელს შვეიცარიელი მოქალაქეების: ა. დიუნანის, ჰ.მუანიეს, გ.დიუფერის, ლ. აპიასა და ტ.მონუარის ინიციატივით. კომიტეტი ნეიტრალურ შეუამავლად გამოდის საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებსა და არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში და თავის ძალ-ღონეს ახმარს ამ კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებას. იგი მოქმედებს აგრეთვე შინააშლილობისა და ქვეყანაში სხვა სახის ძალადობათა შემთხვევებშიც ან საკუთარი ინიციატივით, ან ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და 1977 წლის დამატებითი ოქმების შესაბამისად. კომიტეტს თავისი მანდატი საშუალებას აძლევს, სახელმწიფოებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გახსნას სხვადასხვა სახელმწიფოში თავისი წარმომადგენლობები, მიავლინოს დელეგატები, წარმართოს დიალოგი შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის. ამგვარი ხელშეკრულებები საერთაშორისო სამართლის სფეროს მიეკუთვნება. ეს სახელმწიფოები კომიტეტს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აღიარებენ და ანიჭებენ მას იმ პრივილეგიებს, რომლებიც აქვს სხვა მთავრობათაშორის ორგანიზაციებს, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტი მთავრობათაშორის ორგანიზაციას არ წარმოადგენს; თავის დაწესებულებათა სისტემითა და სტრუქტურით იგი განსხვავდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგანაც, მაგ., გაეროსაგან \nსაერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განვითარების მიზნით კომიტეტი ამზადებს და მარტავს დიპლომატიურ კონფერენციებს, რომლებზეც ხდება ახალი დოკუმენტების მიღება; ამზადებს პროექტებს, რომლებიც საფუძვლად ედება სახელმწიფოთა მიერ მიღებულ დოკუმენტებს. ამგვარად იქნა მიღებული ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები. როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამცველ დაწესებულებას, კომიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობისგან მინიჭებული აქვს უფლება-მოსილება, გააკონტროლოს ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვა შეიარაღებული კონფლიქტების დროს. კომიტეტი მოუწოდებდა და მოუწოდებს სახელმწიფოებს, მშვიდობიან პერიოდშივე მიიღონ პრაქტიკული ზომები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დასაცავად ომის შემთხვევაში ისეთი საქმიანობით, როგორებიცაა, მაგალითად: ჟენევის 1949 წლის კონვენციების ტექსტის თარგმნა, წითელი ჯვრის ემბლემის დაცვის შესახებ სპეციალური კანონის მიღება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცოდნის გავრცელება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების იმპლემენტეცია ეროვნულ კანონმდებლობაში და სხვ \nწითელი ჯვრის მოძრაობის წესდება განსაზღვრავს მასში შემავალი ორგანოების ურთიერთობის საკითხებს. ამასთან, კომიტეტსა და ზემოხსენებულ ფედერაციას შორის დადებული შეთანხმება, რომლის მიხედვით შეიარაღებული კონფლიქტების სიტუაციებში მოქმედებს კომიტეტი, ხოლო ტექნოლოგიური კატასტროფებისა და სტიქიურ უბედურებათა დროს – ფედერაცია, თავისი შექმნის დღიდან კომიტეტი ინარჩუნებს არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს. იგი მოქმედებს შვეიცარიის კანონების საფუძველზე. მთავრობებს არ შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ მის საქმიანობაზე. მიუხედავად ამისა, კომიტეტის მანდატი საერთაშორისო ხასიათისაა, ხოლო თვით ამ ორგანიზაციის საქმიანობას საერთაშორისო მასშტაბები აქვს. ამ საქმინობას იგი ახორციელებს დელეგატების მეშვეობით. კომიტეტის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს 25 წევრისაგან შემდგარი კონფერენცია; წევრები აირჩევიან ან ხდება მათი კოოპტაცია ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. კონფერენციის წევრები არიან მხოლოდ შვეიცარიის მოქალაქეები. კონფერენციის თავმჯდომარე აირჩევა ასევ ოთხი წლის ვადით, ამასთან, შეიძლება არაერთგზის იქნეს არჩეული. კომიტეტს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც შედგება, სულ ცოტა, 7 წევრისაგან, ესენია: პრეზიდენტი, მუდმივი ვიცე-პრეზიდენტი (ვიცე-პრეზიდენტები), ასამბლეის ორი სხვა წევრი, ზოგადი საკითხების სამმართველოს დირექტორი, ოპერატიული საკითხების სამმართველოს დირექტორი და დოქტრინისა და სამართლის სამმართველოს დირექტორი. კომიტეტის ბიუჯეტს შეადგენს ჟენევის კონვენციებისა და დამატებითი ოქმების ხელმომწერ სახელმწიფოს სუბსიდიები, ეროვნულ საზოგადოებათა შენატანები, კერძო პირთა და სხვადასხვა ფონდის შენაწირები. კომიტეტის შტაბ-ბინა ქ. ჟენევაშია (შვეიცარია). კომიტეტს თავისი მუდმივი წარმომადგენლობა ჰყავს 58 ქვეყანაში, თუმცა იგი მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობს, მათ შორის საქართველოში, სადაც კომიტეტის დელეგატები და სამედიცინო პერსონალი 1992 წლიდან საქმიანობენ; ისინი ხელს უწყობენ პატიმრებსა და მათი ოჯახების წევრებს შორის მიმოწერას, ეხმარებიან აფხაზეთში დარჩენილი ოჯახების წევრებს, იპოვონ ერთმანეთი და დაამყარონ კონტაქტი თბილისსა და გაგრაში, ხოლო 1995 წლიდან შეუდგა ხელოვნური კიდურების წარმოების დანერგვას საქართველოში. აფხაზეთში კომიტეტი ინფორმაციას აგროვებს სამოქალაქო მოსახლეობის უმცირესობათა დისკრიმინაციისა და მათ მიმართ ძალადობის აქტების შესახებ და გადასცემს ხელისუფლებას, რათა ბოლო მოეღოს ამგვარ ფაქტებს. კომიტეტი აქტიურ საქმიანობას ეწევა საქართველოში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით – რჩევას აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების გამოყენების შესახებ, თანამშრომლობს სამთავრობო სტრუქტურებთან ეროვნულ კანონმდებლობაში სამართლის და ამ დარგის ძირითადი პრინციპების ასახვის მიზნით, ქართულ ენაზე გამოსცემს სათანადო სახელმძღვანელოებსა და დამხმარე ლიტერატურას და სხვ.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……