ხალხთა თანასწორუფლრბიანობისა და თვითგამორკვევის უფლება

ხალხთა თანასწორუფლრბიანობისა და თვითგამორკვევის უფლება

E. Right of peoples to equality and self-determination

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი (იხ. ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა), რომელიც გაეროს წესდებით არის დაფიქსირებული და რომელიც მიზნად ისახავს, „განავითაროს მეგობრული დამოკიდებულება სახელმწიფოებს შორის ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე“. 1945 წლამდე ეს პრინციპი საგარეო პოლიტიკურ ლოზუნგებს არ გასცილებია და კაპიტალიზმს და სოციალიზმს შორის იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად გამოიყენებოდა. 1917-1922 წლებში ამ პრინციპს საბჭოთა რუსეთი იყენებდა იმპერიის ტეროტორიაზე მცხოვრები ხალხების გულის მოსაგებად და მათ გასაერთიანებლად რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ კი საბჭოთა კავშირში, რაც პრაქტიკულად ახალი იმპერიის შექმნას მოასწავებდა, მაგრამ გარეგმული დემოკრატიზმისა და ერთა თვითგამორკვევის უფლების პროპაგანდით თავის მიზანს აღწევდა – კოლოონიურ და დამოუკიდებელ ქვეყნებში სულ უფრო და უფრო ღვივდებოდა და ძლიერდებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. არც უკოლონიებოდ დარჩენილი აშშ იყო წინააღმდეგი ამ პროცესებისა. ანტიჰიტლერული კოალიციის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის უფლება იქცა. მეორე მსოფლიო ომმა დააჩქარა კოლონიური სისტემის მსხვრევა, რაც 1960-80-იან წლებში ძირითადად უკვე დამთავრდა. ამ დროისათვის საერთაშორისო ასპარეზზე ასზე მეტი ახალი სახელმწიფო გამოდის, იქმნება განვითარებადი ქვეყნების ძლიერი სამყარო. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი შეასრულა გაერომ, მეტადრე მისი გენერალური ასამბლეის 14.XII.1960 დეკლარაციამ კოლონიური ხალხებისა და ქვეყნებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ, აგრეთვე მისმა 14.XII.1962 რეზოლუციამ, რომლებშიც პირველად ჩამოყალიბდა ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპის შინაარსი, ხოლო გაეროს 1970 წლის დეკლარაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ და ეუთოს 1975 წლის დასკვნითი აქტი (იხ. ეუთო) შეიცავს პრაქტიკაში უკვე დამკვიდრებულ დებულებებს; უფრო ლოკალური ფორმულირებით არის გადმოცემული ეს დებულებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრაქტიკაში. დღეისათვის ჩამოყალიბებულია აღნიშნული პრინციპის ძირითადი კომპონენტები ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების ძალით ისინი თავისუფლად, გარედან ჩაურევლად, განსაზღვრავენ თავის პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად ახორციელებენ საკუთარ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას. ყველა ხალხს შეუძლია თავისუფლად მოიხმარს თავის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი სიმდიდრეები და რესურსები; ხალხის მიერ თვითგამორკვევის უფლების განხორციელების საშუალებებია: სუვერენული სახელმწიფოს (იხ. სუვერენიტეტი, სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოთა) შექმნა, დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან შეერთება ან მასთან გაერთიანება, ან სხვა ნებისმიერი პოლიტიკური სტატუსის დადგენა, რომელსაც ხალხი თავისუფლად განსაზღვრავს. კოლონიალიზმის არსებობა შეუთავსებელია გაეროს წესდებასთან და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს მისი ნარჩენებიც კი; მიუღებელია ხალხთა დამოიჩილება, უცხოელთა ბატონობა და ექსპლუატაცია; სახელმწიფოები, მათ შორის ისინი, რომლებსაც გაეროს წესდების შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრებათ არათვითმმართველი და სამეურვეო ტერიტორიების მართვისათვის, ხელს უნდა უწყობდნენ თვითგამორკვევის განხორციელებას და პატივს სცემენ ამ უფლებას; კოლონიური თუ უცხოელთა ბატონობის უღელქვეშ მყოფი ხალხი, რომელსაც წინ აღუდგებიან თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციაში, უფლებამოსილია, იარაღით მოიპოვოს დამოუკიდებლობა, რაშიც გაეროს წევრმა სხვა სახელმწიფოებმა მას დახმარება უნდა აღმოუჩინონ; ეს პრინციპი ვრცელდება არა მხოლოდ თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხებზე, არამედ სუვერენული სახელმწიფოების (იხ. სუვეენიტეტი, სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოთა) შემქმნელ ხალხებზეც (ჩაურევლობა). თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცია არ ნიშნავს არსებული სახელმწიფოდან აუცილებელ გამოყოფას, თუ ეს სახელმწიფო დემოკრატიულია, ანუ აღიარებს თთუ-ს და თუ ამ სახელმწიფოში არ არსებობს კოლონიალიზმის ნიშნები, არ არსებობს ბატონობა თუ ექსპლუატაცია მასში მცხოვრები სხვა ხალხების მიმართ. დღეს ეს პრინციპი ქვეყნის დემოკრატიული სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთ-ერთ მთავარ საწყისად გვევლინება, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობაში შემავალი მცირერიცხოვანი თუ ეროვნულ, ეთნიკურ ან სხვა უმცირესობაში მყოფი ხალხების (იხ. ეროვნული უმცირესობანი) ენის, კულტურისა და ჩვეულებათა განვითარებისათვის ხელის შეწყობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათთვის ტერიტორიული და პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებასაც. მეორე მხრივ, ამ ხალხების ყოველი მცდელობა – იარაღით ხელში განახორციელონ თავიანთი პრეტენზიები დამოუკიდებლობის შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. სწორედ ამიტომ გაერომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრე ოსეთის საქართველოდან გამოყოფის ფაქტის აღიარებაზე და სრული მხარდაჭერა აღუქვეს საქართველოს, აღიდგინოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა (იხ. არასაერთაშორისო შეიარაღებული კომფლიქტები).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……