ჯგუფი

ჯგუფი

ერთმანეთთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანთა გარკვეული რაოდენობის ერთობლიობა. ინდივიდები შეიძლება ურთიერთქმედებდნენ რეგულარულად ფორმალური და არაფორმალური კავშირების საფუძველზე. მათ გაცნობიერებული აქვთ მოცემულ ჯ–თან თავიანთი იდენტიფიკაცია და ითვლებიან მის წევრებად სხვა ინდივიდების თვალსაზრისითაც. ჯ–ის წევრები ერთმანეთს უკავშირდებიან სოციალური ინსტიტუტებით რეგულირებული ურთიერთობების სისტემით, გააჩნიათ გარკვეული საერთო ღირებულებები და სხვა ერთობებისაგან გამოყოფილი არიან განცალკევების გარკვეული პრინციპით. ჯ–ის სამი მთავარი ნიშანია: ურთიერთქმედება, წევრობა და ჯგუფური იდენტურობა. ჯგუფური იდენტურობა უფრო მეტია, ვიდრე ჯ–ის წევრობა. სისტემატური ურთიერთობა იწვევს ჯ–ში სოლიდარობისა და საერთო ჩვევების გაჩენას. ჯ–ის ელემენტების სისტემასა და მათი ურთიერთმოწესრიგების პრინციპს ჯ–ის სტრუქტურა ეწოდება. ჯ–ის წევრთა პოზიციების სისტემა ქმნის ჯ–ის მიკროსტრუქტურას. ჯ. არის გარკვეული სახის რეალობა, რომელიც არსებობს ინდივიდების მისწრაფებებისა და ნებისაგან დამოუკიდებლად. არსებობს სხვადასხვა სახის ჯ–ები. მათ კლასიფიკაციას განსხვავებული კრიტერიუმები უდევს საფუძვლად. სოციოლოგიურ ლიტერატურაში ჯ–ების მრავალგვარი კლასიფიკაცია არსებობს. ამერიკელი სოციოლოგი იუბენკი გამოყოფს კლასიფიკაციის შვიდ ძირითად პრინციპს: 1. კლასიფიკაციები ეთნიკური ან რასობრივი კუთვნილების საფუძველზე. 2. კულტურული განვითარების დონის საფუძველზე. 3. ჯ–ებში არსებული სტრუქტურის ტიპების საფუძველზე. 4. ჯ–ის მიერ უფრო ფართო ერთობებში შესრულებული ამოცანებისა და ფუნქციების საფუძველზე. 5. წევრებს შორის კონტაქტების უპირატესი ტიპების საფუძველზე. 6. ჯ–ებში არსებული კავშირის სახეობის საფუძველზე. 7. სხვა პრინციპებზე დამყარებული სხვადასხვა კლასიფიკაცია. ჯ–ების დიაპაზონი ძალიან დიდია – ძალიან მცირე ასოციაციებიდან მსხვილმასშტაბიან ორგანიზაციებამდე. ჯ–ის წევრების რაოდენობის მიხედვით გამოყოფენ მცირე, საშუალო და დიდ ჯ–ებს. ჯ–ში არსებული ურთიერთოების ფორმის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორად ჯ–ებს. მცირე სოციალური ჯ. შემადგენლობით მცირერიცხოვანია, რომელშიც არის არა უმეტეს რამდენიმე ათეული წევრისა. ისინი საერთო საქმიანობით არიან დაკავშირებულნი და ერთმანეთთან უშუალო მყარი ურთიერთობა აქვთ, რაც წარმოადგენს, როგორც ემოციური ურთიერთობების, ისე განსაკუთრებული ჯგუფური ღირებულებებისა და ქცევის ნორმების საფუძველს. მათ შორის ურთიერთობები ძირითადად არაფორმალური ინსტიტუტებით რეგულირდება. დიდს უწოდებენ ისეთ ჯ–ს, რომელიც მეტად მრავალრიცხოვანია, თუმცა რომლის ყველა წევრი პირადად იცნობს ერთმანეთს. ამავე დროს, მათ შორის ყველა კონტაქტი და ურთიერთობა არ ხორციელდება უშუალოდ. ტერმინი „პირველადი ჯგუფი“ პირველად გამოიყენა ამერიკელმა სოციოლოგმა ჩარლზ კულიმ (Charles Cooley) პატარა ჯ. მცირე ჯ–ს ნაირსახეობაა. ასეთ ჯ–ში კავშირი ემყარება უშუალო პირად კონტაქტებს, ჯ–ის საქმიანობაში წევრების ემოციურ ჩაბმას, რაც უზრუნველყოფს ჯგუფური იდენტიფიკაციის მაღალ ხარისხს. ჯ–ს, უპირველეს ყოვლისა, აკავშირებს მისი წევრების პირადი ინტერესები (მაგ., ოჯახი, თანატოლთა ჯ.და სხვ.). პირველად ჯ–ებში, როგორც წესი, არ არის ფორმალური კავშირი, ჩვეულებრივ, ყველა პირველადი ჯ. მცირეა, (მაგრამ ყველა მცირე ჯ. არ არის პირველადი). მეორადია ისეთი ჯ., რომელიც შექმნილია გარკვეული მიზნის რეალიზაციისათვის. მასში ჭარბობს, ან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნივთიერი კონტაქტები, რომლებიც უფრო ხშირად გაშუალებულია. მეორადი ჯ–ები ემყარება ურთიერთობათა ინსტიტუციონალიზებულ და სქემატიზებულ სისტემას, მათი საქმიანობა რეგულირდება წესებით. მეორადი ჯ–ები, როგორც წესი, დიდი ჯ–ებია. მაგრამ მცირე ჯ–ებიც შეიძლება იყოს მეორადი ჯ. არაფორმალური ჯ. რომლის შინაგანი კავშირი დამყარებულია მხოლოდ არაფორმალურ ინსტიტუტებზე, ორგანიზაციასა და კონტროლზე. ფორმალურს უწოდებენ ყველა იმ ჯ–ს, რომლებშიც უკვე განვითარდა ფორმალური ინსტიტუტები. კონტროლისა და ორგანიზაციის ფორმალური სისტემა. ჯ–ები შეიძლება დაიყოს ჯ–ში წევრების მიღების კრიტერიუმის მიხედვით. არსებობს დახურული, (როცა გამოყენებულია ახალი წევრების მიღების მეტად ზუსტი, განსაზღვრული კრიტერიუმები), შეზღუდული (როდესაც მიღების კრიტერიუმები ნაკლებად მკაცრია), და ღია (როდესაც მათში შესვლა თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის) ჯ–ები. განასხვავებენ ინსტრუმენტულ და ექსპრესიულ ჯ–ებს. ინსტრუმენტული (მიზნობრივი) ჯ. იქმნება გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად. ექსპრესიული ჯ. იქმნება მისი წევრების ემოციური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად . კომუნიკაციის ფორმის მიხედვით გამოყოფენ შემდეგი სახის ჯ–ებს: „წრე“, „ჯაჭვი“, „ბორბალი“ და „Y ფორმის“ (გ.ლივიტი). განასხვავებენ კენტრიცხვოვან და ლუწრიცხვოვან ჯ–ებს. პოლიტიკის სოციოლოგიაში გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ინტერესთა ჯგუფი“, „ზეწოლის ჯგუფი“ და სხვ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. group

1. რამდენიმე ერთმანეთთან ახლოს მყოფი ვინმე, რამე – გუნდი;

2. გარკვეული ნიშნის მიხედვით (მდგომარეობით, საქმიანობით და სხვ.) გამოყოფილი ერთობლიობა ადამიანებისა. მაგ., ლექტორთა ჯ., ინგლისური ენის შემსწავლელი ჯ. და სხვ.;

3. კლასიფიკაციის შედეგად გამოყოფილი საგნების (მოვლენების) ერთობლიობა. მაგ., პირველი ჯგუფის სისხლი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……