ჯგუფური მუშაობა

ჯგუფური მუშაობა

სოციალური (კოოპერატიული და თანამშრომლობითი) სწავლების დროს ხდება მოსწავლეთა დაჯგუფება. მათ ეძლევათ საზიარო კომპლექსური დავალება, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართვას თანამშრომლობაში, დავალებების შესასრულებლად ერთობლივ ძალისხმევას. ჯგუფური დავალებები მოსწავლეებისაგან ამოცანების ერთობლივად გადაჭრას ან საერთო პროდუქტის შექმნას უნდა მოითხოვდეს.

ჯგუფების ფორმირების დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კრიტერიუმები:

(1) ჯგუფებს უნდა მიეცეთ ისეთი კომპლექსური ამო ცანები, რომლებიც მოითხოვს ურთიერთთანამშრომლობას. ჯგუფის წევრებმა უნდა აღიქვან, რომ მათი წარმატება ერთმანეთზეა დამოკიდებული. ეს ზრდის ჯგუფის წევრების თანამშრომლობას. თანამშრომლობის მისაღწევად რეკომენდებულია ჯგუფისთვის ჯილდოს დაწესება, მოსწავლეების წახალისება, სამუშაოს დანაწილება და სხვა. ჯგუფის წევრები უნდა იღებდნენ საერთო შეფასებას: ჯგუფები ასრულებენ საერთო დავალებას (მაგ. პროექტი) და მისი წევრები იღებენ ერთნაირ შეფასებას.

(2) ჯგუფური ამოცანები უნდა იყოს სასწავლო საგნის ამოცანებისა და მიზნების შესაბამისი.

(3) ჯგუფური მუშაობისთვის გამოდგება ისეთი ამოცანები, რომელთა გადაჭრის სხვადასხვა გზა არსებობს. ასეთი ამოცანები მოსწავლეებს აძლევს მსჯელობის საშუალებას.

მაგალითად, ჯგუფებს ეძლევათ დავალება, რომ გადაჭრან გარკვეული პრობლემა. ყოველი ჯგუფი მუშაობს დავალებაზე. აყალიბებს საერთო აზრს და ამზადებს პრეზენტაციას, რომელსაც წარმოადგენს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. სხვადასხვა ჯგუფის შედეგები შედარდება ერთმანეთს და იმართება დისკუსია მთელი კლასის მონაწილეობით.

(4) ჯგუფებს უნდა მიეცეთ ისეთი სირთულის ამოცანები, რომლებიც შეესატყვისება მოსწავლეების სააზროვნო და სოციალურ უნარ-ჩვევებს (ჯგუფში მუშაობის გამოცდილებას). ჯგუფებს თავდაპირველად ეძლევათ შედარებით იოლი ამოცანები, რომლებიც თანდათან რთულდება.

(5) ჯგუფებს უნდა მიეცეთ ისეთი დავალებები, რომლებიც ხელს უწყობს ჯგუფის წევრებს შორის შრომის სამართლიან დანაწილებას. მაგალითად, ჯგუფს ეძლევა დავალება, რომ დაწეროს ჯგუფური პროექტი საზოგადოებრივ მეცნიერებაში. თითოეული ისტორიული წყაროს შესწავლაზე პასუხისმგებელია ჯგუფის ერთი წევრი. შემდგომ ისინი ერთად ამზადებენ საბოლოო ნამუშევარს.

(6) ჯგუფებს შორის უნდა არსებობდეს შეჯიბრის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფილია დაჯილდოებით, წახალისებით და გარეგანი მოტივაციის სხვა მექანიზმებით.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……