ჰარტლენდი

ჰარტლენდი

სიტყვასიტყვით „შუაგული მიწა“. ერთ–ერთი ძირითადი ცნება გეოპოლიტაკაში. ტერმინის ავტორია კლასიკური გეოპოლიტიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი, ინგლისელი გეოგრაფი ჰ. მაკინდერი. მისი თეორიის მიხედვით, მსოფლიო ისტორიის „საყრდენი წერტილი“, „გეოგრაფიული ღერძი“ არის ტერიტორია, რომელიც აერთიანებს ცენტრალურ აზიას, ურალსა და ციმბირს. აღნიშნული სივრცე არის ევრაზიის (და ამიტომ მთელი მსოფლიოს) შუაგული, „ჰარტლენდი“, საიდანაც ცხენოსანი ლაშქარი აკონტროლებდა ევროპისა და აზიის სივრცეებს. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ ამ ტერიტორიის მნიშვნელობა მკვეთრად შემცირდა და ძალთა ბალანსი საზღვაო სახელმწიფოებისაკენ გადაიხარა. მაგრამ XIX ს–ის ბოლოდან იწყება ახალი, ე.წ. პოსტკოლუმბის ხანა, როცა სახმელეთო სახელმწიფოები იბრუნებენ უპირატესობას და ჰ–ის მნიშვნელობა განუზომლად იზრდება. იგი ფაქტობრივად მიუდგომელია საზღვაო სახელმწიფოებისათვის და გარს ორი კონცენტრირებული „ნახევარმთვარე“ აკრავს. აქედან შიდა ნახევრამთვარე აერთიანებს ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, ინდოეთსა და ჩინეთს, ხოლო გარე ნახევარმთვარე – ამერიკის ორივე კონტინენტს, აფრიკას, ავსტრალია–ოკეანეთს, აგრეთვე იაპონიასა და დიდ ბრიტანეთს. ჰ–ის სტრატეგიულ მნიშვნელობას ემატება მისი ულევი ბუნებრივი რესურსები. ყოველივე ამის გამო ჰ–ზე კონტროლი, მაკინდერის აზრით, მსოფლიოზე ბატონობას ნიშნავს. მაკინდერის „ჰარტლენდის თეორიის“ არსი ისაა, რომ საზღვაო სახელმწიფოებს (პირველ რიგში აშშ–სა და დიდ ბრიტანეთს) არ დაეშვათ რუსეთისა (რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ჰ–ის უდიდესი ნაწილი) და გერმანიის (სამხედრო და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ–ერთი წამყვანი ქვეყნის) დაახლოება და მათ შორის პოლიტიკური ალიანსის შექმნის შესაძლებლობა. ვერსალის კონფერენციის თანახმად, ამ მიზანს ემსახურებოდა მთელი რიგი ბუფერული სახელმწიფოების ჩამოყალიბება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. შემდგომში ჰ–ის ნეიტრალიზების იდეამ ევროატლანტიკური ალიანსის სახით იჩინა თავი, რომლის გამოხატულებაც ნატოს შექმნა იყო.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……