იურიდიული კონსულტაცია სესხებთან დაკავშირებით

დღეის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს   აქვს სესხები ბანკებიდან, საკრედიტო კავშირებიდან მიკროსაფინანსოებიდან მიღებული. თითოეული მათგანიდან სესხის მიღება ხდება სხვადასხვა გზითა და სხვადასხვა პირობით. აქ განვმარტავ იმ საერთო შეცდომებს რასაც მსესხებელი უშვებს ნებისმიერ მათგანთან ურთიერთობისას. უპირველესი შეცდომა ხელშეკრულებაზე წაუკითხავად ხელისმოწერაა. ფაქტიურად მსესხებელთა 98% არ კითხულობს ხელშეკრულებას. ხელშეკრულება თითქმის ყოველთვის კაბალურია, ბანკები მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთთვის სასარგებლო პირობების ჩადებას, ამავდროულად ხშირ შემთხვევაში ხელშეკრულება იბეჭდება წვრილი შრიფტით, (იმისთვის რომ დაგეზაროთ წაკითხვა) თქვენთვის ,,საზიანო პუნქტები” კი იურიდული ტერმინოლოგიით შეფარულად არის ჩადებული იქ, სადაც ნაკლებად ელით.

მეორე დიდი შეცდომა რასაც მსესხებელი უშვებს არის სასამართლო პროცესზე არ გამოცხადება მაშინ როცა სესხის გამო მას უჩივლებენ, მოსარჩელე მხარე სასესხო დავის დროს თითქმის ყოველთვის იმაზე მეტს გთხოვთ რასაც სასამართლო დაგაკისრებთ თქვენი ინტერესების სათანადოდ დაცვის შემთხვევაში. ამიტომ საჭიროა სარჩელის მიღების შემდეგ სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში შეიტანოთ შესაგებელი და გამოცხადდეთ პროცესზე (ადვოკატს უნდა მიმართოთ სარჩელის მიღებისთანავე და არა შემდეგ როცა უკვე ხუთმაგ თანხას დაგაკისრებენდა იმდენად დაგვიანებულია, რომ ვერაფრით  ვეღარ დაგეხმარებათ…) მაგალითად განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევა:  ადამიანი იღებს 2000 დოლარს სესხს, ვერ იხდის. ბანკს გაჰყავს დრო, რომლის მანძილზეც ყოველდღიურად აღებულ თანხას დაერიცხება ხელშეკრულებაში ჩადებული ჯარიმები, როცა თანხა ,,სათანადოდ გაიზრდება“ სარჩელი შედის სასამრთლოში, მოპასუხე  არ ცხადდება პროცესზე, მოგვიანებით კი მისდის დაუსწრებელი გადაწყვეტილება რომელშიც მითითებულია რომ გადასახდელი აქვს 12.000.

პროცესზე გამოცხადების შემთხვევაში მას არ დაეკისრებოდა აღნიშნული თანხის ნახევარიც კი და როგორც ვხვდებით მთავარი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ მოპასუხე არ გამოცხადდა პროცესზე და არ დაასაბუთა რომ მას 12.000 სის კი არა ბევრად ნაკლების გადახდის ვალდებულება ეკისრება და, რომ მოთხოვნა, ჯარიმები, ან თუნდაც საპროცენტო განაკვეთი შეუსაბამოდ დიდია და უნდა შემცირდეს.

გაითვალისწინეთ, სესხის არსებობა მხარემ (მოსარჩელემ) სასამართლოში შეიძლება დაადასტუროს მხოლოდ წერილობითი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. თუ თქვენ ხელი არ მოგიწერიათ არც ხელშეკრულებაზე და არც ვალის აღიარების დოკუმენტზე, თანხის გადახდას სასამრთლო ვერ დაგაკისრებთ რადგანაც ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გაცემული სესხის არსებობის დამტკიცება სასამრთლო პროცესზე თითქმის შეუძლებელია (თუ თავად არ გააკეთებთ ზეპირ აღიარებას იმავე პროცესზე)ამიტომ იმ შემთხვევაში როცა არ არსებობს წერილობითი დოკუმენტი და სესხი გაცემულია ფაქტიურად ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, შეგიძლიათ სესხი საერთოდ არ გადაიხადოთ.

და ბოლოს ,,თავდებობას“ მინდა შევეხო ორიოდ სიტყვით, ხშირად გაუცნობიერებლად უდგებით მეგობარს, ნათესავსა თუ ახლობელს თავდებად, ხელს აწერთ კაბალურ ხელშეკრულებას, რომელსაც არ კითხულობთ, თუმცა წაკითხვის შემთხვევაშიც კი იურიდიული ტერმინოლოგიიდან გამომდინარე ვერც კი ხვდებით რაზე თანხმდებით. ამიტომ აგიხსნით მარტივად, აღნიშნულ ხელშეკრულებებში ხშირ შემთხვევებში  მითითებულია, რომ:  მსესხებლის ნაცვლად თქვენ გადაიხდით ამ ვალს (და არა მხოლოდ ვალს ეს თანხა შეიძლება გახუთმაგდეს) და ამ ვალზე პასუხს აგებთ მთელი თქვენი ქონებით ამავდროულად სესხის გამცემს უფლებას აძლევთ თვითონ შეაფასოს თქვენი ქონების ღირებულება და ისე წაიღოს) ამიტომ სანამ მსგავს პირობებს ხელს მოაწერთ, კარგად დაფიქრდით, გაეცანით თქვენს უფლებებს და  იქნებით დაცული.