იურიდიული კონსულტაცია მათთვის ვისაც მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს

ადვოკატი  ნატო გოგმაჩაძე

სახელმწიფოს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმის საფუძველზე, ბევრი ადამიანი ცდილობს თავისი კუთვნილი მიწის დროულად დარეგისტრირებას. განცხადებების სიმრავლეს, ემატება აღნიშნული განცხადებეის განმხილველი საჯარო მოხელეების ,,უცოდინარობა“, რის გამოც აღნიშნული პროცესი ქაოსურად მიმდინარეობს და რეგისტრაციის მსურველების დიდ ნაწილს, წარდგენილი განცხადების ,,ზერელე გაცნობის“ საფუძველზე, ყოველგვარი განხილვის გარეშე უარს ეუბნებიან საკუთრების რეგისტრაციაზე. გამომდინარე იქედან რომ აღნიშნული პროცესების შედეგად ბევრი ადამიანი ზარალდება. გადავწყვიტე მარტივ ენაზე განგიმარტოთ ამ საკითხთან დაკავსირებული ზოგადი წესები, თქვენი უფლებები და ის თუ როგორ უნდა იმოქმედოდ კონკრეტულ სიტუაციაში.

1.1. განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით ნებისმიერ შემთხვევაში შეგაქვთ საჯარო რეესტრში, იქნება ეს განაცხადი თვითნებურად დაკავებულ (სარგებლობაში მყოფ) მიწაზე, თუ მართლზომიერ საკუთრებაზე .საკუთრებას – მაგალითად, საკარმიდამოს, საჯარო რეესტრი დაგირეგისტრირებთ. ხოლო რაც შეეხება თვითნებურად დაკავებულ მიწას, აღნიშნულ განაცხადს რეესტრი გადაუგზავნის შესაბამის საკუთრების აღიარების კომისიას, განაცხადდთან ერთად გადაგზავნის ყველა იმ დოკუმენტს რასაც მოიძიებს (რეესტრი თავად მოიძიებს საჭირო დოკუმენტაციას) თქვენ ვალდებული ხართ განცხადებასთან ერთად წარადგინოთ სათანადო წესით შესრულებული საკადასტრო ნახაზი, რომელიც უნდა შეადგენინოთ სერთიფიცირებულ სპეციალისტს. ამავდროულად თქვენ არ იხდით მიწის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურს.

1.2. საკუთრების აღიარების კომისია განცხადების მიღების შემდეგ ვალდებულია დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალწარმოება. ამავდროულად მან, თქვენ დაინტერესებული მხარე უნდა ჩაგრთოთ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში და მოგცეთ საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლება. თქვენ ასევე უფლება გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ თქვენი საქმის განხილვაში (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 13 მუხლი)
საკუთრების აღიარების კომისია ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (ზოგ.ადმ .კოდექსის 96 მუხლი). ზემოაღნიშნული წესების დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად აღიარება შეგიძლიათ მოითხოვოთ სასამართლოში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის საფუძველზე.
კომისია საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ გამოსცეს განკარგულებას თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების, ან არ დაკმაყოფილების თაობაზე,რომელიც (თუ არ ეთანხმებით) შეგიძლიათ გაასაჩივროთ კანონით დადგენილი წესით ( საქ.მთავრობის # 376 დადგენილების მე-10 მუხლი) აღნიშნული განკარგულება გახლავთ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც საჩივრდება ადმინისტრაციული წესით სასამართლოში.

1.3. თქვენ უფლება გაქვთ გაეცნოთ ადმინისტრაციულ ორგანოში თქვენს საქმესთან დაკავშირებით წარმოებულ მასალებს (ზოგადი ადმ.კოდ.მუხლი 99) თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოდან, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ან იმ შემთხვევაში თუ ინფორმაციის მოწოდებას სჭირდება დრო ,გამოიყენოს 10 დღიანი ვადა. 10 დღიანი ვადის საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაცნობოთ ამის შესახებ (ზოგადი ადმ.კოდექსის 40 მუხლი)

1.4. იმისთვის რომ კომისიამ დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა საჭიროა: სარგებლობაში მყოფ თვითნებურად დაკავებულ მიწას იყენებდეთ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკავეთების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის „ ამოქმედებამდე, ანუ 2007 წლის 15 სექტემბრამდე. მიწა უნდა იყოს, ან თქვენი საკარმიდამოს მიმდებარე, ან მასზე განთავსებული უნდა გქონდეთ შენობა-ნაგებობა. არ უნდა გქონდეთ გადაფარვა მეზობელ ნაკვეთებთან, მიწის თვითნებურად დაკავების, სარგებლობის ფაქტი უნდა დაადასტუროს ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მოწმეებმა, ასევე შეგიძლიათ წარადგინოთ აღნიშნულის დამადასტურებელი ნებისმიერი მტკიცებულება.

1.5. გაითვალისწინეთ კომისია ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. ხშირ შემთხვევაში იღებენ უარის თაობაზე განკარგულებას, რომელშიც მითითებული არ არის უარის მიზეზი, არ არის მითითებული არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. გაითვალისწინეთ, თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ უარის მიზეზი. მოითხოვეთ გადაწყვეტილების დასაბუთება

1.6. იმ შემთხვევაში თუ კი კომისიამ უარი გითხრათ – გაითვალისწინეთ ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, ხშირ შემთხვევაში ეს არ არის ,,კვალიფიციური“ გადაწყვეტილება და საჭიროა მისი გასაჩივრება სასამართლოში, უარის შესახებ კომისიის განკარგულების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
საკუთრების უფლება თქვენი კონსტიტუციური უფლებაა (კონსტიტუციის 21 მუხლი) და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება. დაიცავით თქვენი აღნიშნული უფლება და დაიხსომეთ ბრძოლას ყიველთვის აქვს აზრი!

_______________________________

გადასვლა >>>> ნატო გოგმაჩაძე

.